პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამა, რომელიც ფერმერების წახალისებას ითვალისწინებს.
ფერმერებს ყოველ 1 ჰექტარ მიწაზე დაერიცხოთ 300 ლარი (ქულების სახით) და ამით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აგრობარათების გამოყენება და „ლიბერთი ბანკიდან“ გაცემა 10 მაისიდან დაიწყება.
ვის, როდის და სად დაერიცხება ქულები
ქულები აგრობარათებზე ირიცხება. ქულების დარიცხვა და ამით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო.
პროგრამაში კვლავ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი, 26 აპრილიდან შეძლებენ ბანკში ბარათის აღებას.
სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები.
როდის დაიწყება ქულების დარიცხვა
აგრობარათებზე ქულების დარიცხვა 10 მაისიდან დაიწყება და განაღდება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
ბარათით სარგებლობის ვადა
აგრობარათებზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.
რის შეძენას შეძლებენ ფერმერები
ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.