როცა ისმება სიმსივნის დიაგნოზი, არა მარტო პაციენტის, არამედ მთელი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ყოფა ძალიან რთული და მძიმე ხდება, ცალკე დიაგნოზის და ცალკე მისი თანმხლები ფინანსური და ფიზიკური პრობლემებისგან. ამ პრობლემის წინაშე მდგომი ყველა ადამიანი, ოჯახი განსაკუთრებულ თანადგომასა და მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამ მიზნით, ბერი ანდრიას ფონდმა დააარსა სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათ ოჯახებს ეხმარებიან. ამ ყველაფერს სათავეში ბერი ანდრიას დედა, მილედი (თინათინ) ჩხვიმიანი უდგას. დედა თინათინმა თავისი ცხოვრების ურთულეს პერიოდზე მოგვითხრო და შვილმკვდარდედებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.
– ძალიან რთული ცხოვრება გაიარეთ. უმძიმესი დიაგნოზით გარდაგეცვალათ ერთადერთი შვილი, რომელიც 17 წლის ასაკში უკვე ბერი იყო. როგორი იყო თქვენი რეაბილიტაციის პროცესი მამა ანდრიას გარდაცვალების შემდეგ?
– 10 წელი გავიდა მას შემდეგ. ამ წლების მანძილზე არც ერთი დღე არ მქონია ამის დავიწყების შესაძლებლობა. მე იგივე მდგომარეობაში დავრჩი. ისევ სიმსივნის დაავადებულ ბავშვებთან ვცხოვრობ და მათ ვეხმარები ტკივილების დაძლევაში. ზოგჯერ ვიმარჯვებთ, ზოგჯერ ვმარცხდებით. ყველაში ვხედავ ჩემს შვილს. ზოგის – თვალებში, ზოგის – ტკივილში, ზოგის – ქცევაში. მამა ანდრიას იმდენად სტკიოდა სხეულის ყველა ნაწილი, ხელითაც კი ვერ ვეხებოდი. როცა რომელიმე ბავშვს ძალიან სტკივა ფეხი, ძვალი, მასში მამა ანდრიას ვხედავ, რადგან მასაც ძალიან სტკიოდა. ამ ბავშვებსსხვადასხვა ადგილი სტკივათ, მაგრამ მამა ანდრიას ყველაფერი ერთად სტკიოდა. უმძიმესი დიაგნოზი ქონდა, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩემს შვილს დაუსვეს. 10 წლის მანძილზე მეტი არავინ შემხვედრია ამ დიაგნოზით. მანამდე არ ვიცი, თუმცა ექიმები ამბობდნენ, რომ არც მანამდე შეხვედრიათ. მე არ შემეძლო ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი ჩემს შვილს. მხოლოდ ფეხის და ხელის ტერფებზე ვეფერებოდი. მხოლოდ ეს ადგილები არ სტკიოდა. ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა და ცუდად მყოფიც კი ცდილობდა გავეცინებინე. როცა ვიცინოდით, ეს სიცილიც ნელ-ნელა გადადიოდა ტირილში, რადგან სიცილის დროს ეჭიმებოდა უჯრედები, ნაკვთები, კუნთები და მომენტალურად ეწყებოდა გაუსაძლისი ტკივილი. ტკივილებს მხოლოდ ნარკოტიკით უყუჩებდნენ, მაგრამ ამ ნარკოტიკსაც არასოდეს იკეთებდა იმ დოზას, რასაც ექიმი უწერდა. ყოველთვის აკლებდა დოზას. ბევრი მამაო ეკითხებოდა, რატომ არ იყუჩებდა ბოლომდე ტკივილს, ეს ხომ არ იყო ცოდვა. ის კი პასუხობდა, მე ვხედავ, რომ ხორცს ვერ ვშველი და ის დაიღუპა, ახლა უნდა ვიზრუნო სულზე, რომ ისიც არ დამეღუპოს. უნდა ვიყო საღ გონებაზე, რათა შევძლო ლოცვა. თუ გავიკეთებ იმ დოზას, რასაც ექიმები მინიშნავენ, დამებინდება გონება, რაც არ მინდაო. არასოდეს დაცდენია სიტყვა „მიშველე“. სულ იმეორებდა, უფალო, გამიყვანე, ჩამიხუტე, წამიყვანე.