სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება იზრდება. პირველი ივნისიდან თითო ბავშვზე 150 ლარი გაიცემა. სახელმწიფო პროგრამაში მოხვდება 16 წლამდე ყველა ის არასრულწლოვანი, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით ჯამური მინიმუმი წელს 341 მილიონი ლარი იქნება.
„ეს დახმარება მომავალი წელსაც გაგრძელდება. ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ აღნიშნული დახმარება ყველა წელს გაგრძელდეს, რადგან ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ ყველა სოციალური დაუცველის მდგომარეობა გვაღელვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 ათასზე მეტ ბავშვს. ასევე, ვგეგმავთ სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეეხებათ, როგორიც არის მაგალითად, დასაქმების პროგრამა და სხვა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს“. – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.