რამდენიმე თვის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მსახიობსა და მომღერალს, გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. როგორც გიორგი თვითონვე ამბობს, მისი დიაგნოზი ავთვისებიანი კარცინომაა ფარისებრი ჯირკვალსა და ლიმფაზე. ოპერაცია თურქეთში ჩაუტარდა, ახლა ამბობს, რომ “ლეგენდარულად არის.”
დაავადებაზე და თავისი მდგომარეობის შესახებ გიორგი გილიგაშვილმა თათია შარანგიას გადაცემაში “სთორი” ისაუბრა.
“დიდება უფალს! ავთვისებიან სიმსივნეებში ყველაზე მორჩილი მომივლინა. იცით, ზოგი ცხრა მთას გადადის და არაფერი მოსდის, პაპა მეუბნებოდა ხოლმე, შვილო, – გუბეში იხრჩობა კაციო. ასე რომ, ვერ გაიგებ, რა დაგაზიანებს სასიკვდილოდ. რაღაც ნიშანს ველოდი, იმ ნიშანს, რომ უნდა განმეცადა ტკივილი და უცბად, უფალმა საკუთარი ბრძოლის ველი გამიჩინა.
რამდენიმე წლის წინ იყო რაღაც გადაცემა და სანამ ამ გადაცემაში შევიდოდით, ყველა მონაწილე ვალდებული იყო გაევლო ჯერ სრული სამედიცინო შემოწმება. იქ მითხრეს, რომ გაქვთ რაღაც კვანძები, გიორგი და მიაქციეთ ყურადღებაო. ეს იყო სამი წლის წინ. მაგრამ მე რადგანაც სპორტული ცხოვრებით ვცხოვრობდი, არ მიფიქრია, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა რაღაც ავისმომასწავებელი ყოფილიყო.
შემდეგ ისე მოხდა, რომ კოვიდი დაიწყო. კი მახსოვდა ეს, მაგრამ ვიფიქრე, რომ მე ფიზიკურად ჯანმრთელი ვარ, ამდენი პაციენტია, გადატვირთულია სამედიცინო პუნქტები და ახლა მე რაღაც კვანძები მაქვს და შევაწუხო ექიმები და დავაკავო. ვფიქრობდი, რომ არ იყო საგანგაშო.
ირაკლი მაქაცარია, საყვარელი ძმა და მეგობარი, ძალიან მზრუნველია თავის მეგობრებზე, რაღაცაზე ამბობდა, აი, გილიგა ყველაზე ჯანმრთელია ჩვენს მეგობრებში. მეთქი, არა ჩემო ირაკლი, არ ვარ ჯანმრთელი, მეც მითხრეს, რაღაც კვანძები გაქვს. ჩამეძია და მიმიყვანა მისი მშვენიერი ლიზას(ირაკლი მაქაცარიას მეუღლე) დედასთან. ქალბატონ ქეთევანთან მომიწია ვიზიტი და მისმა პროფესიონალიზმმა ძალიან სწრაფად მიგვაღებინა გადაწყვეტილება.
პირველად როდესაც გავიგე – მითხრეს, რომ გიორგი გამობრძანდი, არ გაქვთ კარგად საქმე. ერთ-ერთი ბატონი მოვიდა. მიხსნიდა ჩემს დაავადებას ეს თურქეთში მოხდა.
- და ამასაც მოვყვები, რომ კონსტანტინოპოლში მოხდა, ქრისტეს ასაკში, სნეულების დაძლევა. ჩემმა ლუარსაბ ტოგონიძემ ჩოხა მომართვა, შევიმოსე ჯვარ-სამკაულებით, სამოსელი პირველით, ჩემი ულამაზესი ჩოხით. ქრისტეს ასაკში, ქრისტიანობის ერთ-ერთ პირველ კერაში, კონსტანტინოპოლში განმამწესა უფალმა და ქრისტეს სახელით დამაძლევინა ეს.
12 კვანძი ამოიღეს და რვა კვანძი აღმოჩნდა ავთვისებიანი. როდესაც მიხსნიდნენ, რა პროცესები შეიძლება წავიდეს, ექიმს ვეუბნები, კითხვა მაქვს თქვენთან და ის ძალიან მოთმინებით ელოდება ჩემს კითხვას. ვკითხე, – “წვერს ხომ არ გამპარსავთ ოპერაციის დროს?”
მიპასუხა, ალბათ, შენ ეს კითხვა რომ არ დაგესვა უთუოდ გაგპარსავდითო, მაგრამ რადგანაც მნიშვნელოვანი ატრიბუტია არ გაგპარსავთო”, – ამბობს გიორგი გილიგაშვილი. მანვე ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც მის მდგომარეობაზე დარდობდა:
- “მე სულ მსურდა გამოვსულიყავი და მეთქვა, ლეგენდარულად ვარ, ხალხო, არაფერი მიჭირს, ჩემზე მაგარი ბიჭები 33 წლამდე ეახლნენ უფალს”, – ამბობს გილიგაშვილი.