ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე „ფორტუნასთან“ საუბრობს ბოლოდროინდელი მძიმე პერიოდის შესახებ, რომელიც მთელი „იმედის“ შემადგენლობისთვის დადგა, როდესაც მის თანაწამყვანს, ნიკოლოზ წულუკიძეს უბედური შემთხვევის შედეგად ვაჟი გარდაეცვალა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, თავად ნიკოლოზმა მისცა კოლეგებს გამბედაობა და ძალა, რომ მისთვის ტელევიზიაში მალე დაბრუნება ეთხოვათ და ყოველმხრივ შეეწყოთ ხელი, პირველი ეთერი კი 26 მაისს შედგა…
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნიკას დაბრუნება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მისთვის გვეგრძნობინებინა, ადამიანმა ასეთი სირთულეც უნდა გადალახოს და ცხოვრება გააგრძელოს. ნიკა რომ დაბრუნდა, მისი შესავალი ტექსტიც ამას ამბობდა, ყველას რომ თავი დავანებოთ, მისი ოჯახის წევრებისთვის იყო ეს დიდი მაგალითი.
ამ ტრაგედიის შემდეგ გადაცემაში სტრესთან გამკლავების თემებს ვაშუქებდით, ნაწილი ამბობდა, რომ ადამიანი ამას უნდა მოერიოს, მეორე ნაწილი აღნიშნავდა, რომ ადამიანს უნდა მისცე დრო, რომ გლოვას მოერიოს. იმდენად ინდივიდუალურია ყველაფერი, რომ არ იცი, როგორ მოიქცე, შეიმჩნიო თუ არა. თვითონ ნიკოლოზმა თავისი სიძლიერით მოახერხა ეს, მოვიდა და დაჯდა ეთერში, ჩვენც, რასაკვირველია, ფეხი ავუბით… რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდით, მაგრამ ორმაგად რომ აგრძნობინებ ადამიანს, უფრო მეტ ღელვაში ამყოფებ. ვნერვიულობდი, მაგრამ როცა ქუდი დაიწყო, მას გავხედე და ორივემ ვიგრძენით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ყველაზე მეტად რაც გამიხარდა და ამის თქმა მინდა აუცილებლად, ისე წაიყვანა თავისი თემა, თუკი არსებობს ვინმე, ვინც ნიკოლოზის ამბავი არ იცოდა, საერთოდ ვერ მიხვდებოდა, რა მდგომარეობაში მყოფს მიჰყავდა გადაცემა. ამით დამანახვა, რომ პროფესიონალიზმი ზოგჯერ ყველაფერზე მაღლა დგას. გადაცემაში მის ტრაგედიას ვერ იგრძნობდით, მთლიანად მოახერხა გადართვა. არ ვიცი, ეს როგორ ხდება. ასეთ ტრაგედიასთან შეხება პირველად მაქვს – ეს იყო ღირსეული ნაბიჯი და ეს რომ მოახერხა, კიდევ უფრო მეტად დავაფასე. არ დაუტოვებია თავისი პროფესიონალიზმის სიმაღლე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი…“, – ამბობს მარიკა ბაკურაძე.