აღარ ვიცი, ვის დავუჯერო, ვის მივენდო და სად წავიღო ეს ჩემი გამწარებული სიყვარული. ასე მგონია, მხოლოდ საკუთარ კომფორტსა და სექსზე ფიქრობენ და მათ გვერდით მყოფი ქალის გრძნობები არაფრად მიაჩნიათ. ამის დასტური ხომ ისიც არის, რომ ჩემმა ქმარმაც და შეყვარებულმაც ის ქალები მიატოვეს, რომელთა გულისთვისაც ჯერ მე მიმატოვეს?!
ამას წინათ ახალ ბინაში გადავედი. დალაგებას და ფუსფუსს რომ მოვრჩი, გადავწყვიტე, უახლოესი მეგობრები – თინიკო და ტატა მომეწვია ახალმოსახლეობაზე ოთხნაირი კერძი მოვამზადე, ხილი და შამპანური ვიყიდე, სუფრა გავშალე და გოგოების მოლოდინში საზეიმოდ გამოვეწყვე. ორ საათზე მეტხანს ველოდე, არც მოსულან და არც დაურეკავთ.
იქით შევეხმიანე, უპასუხისმგებლობისთვის გავთათხე, მეგობართან ერთად მოვდივართო, მახარეს და მართლაც რამდენიმე წუთში ქარბუქივით შემომიცვივდნენ. მაღალი, ეშხიანი გოგო ახლდათ, ნათია. ცოტა ხნის წინ საერთო მეგობართან გაუცნიათ.
მოკლედ, ახალმოსახლეობამ კარგად ჩაიარა, ბევრი შამპანური დავლიეთ, ძველი და ახალი ამბებიც გავიხსენეთ და შემდეგ, რა თქმა უნდა, საუბარი ქალებისთვის მარადიულ თემაზე – სიყვარულსა და მამაკაცებზე ჩამოვარდა. უცებ ნათია გულახდილობის გუნებაზე დადგა და თავისი ისტორიის მოყოლა დაიწყო:
– გიგა მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლე იყო. ათი წელი ვიცხოვრეთ ერთად და ეჭვი მის სიყვარულში არასდროს შემპარვია, მაგრამ მოულოდნელად ქმარს ცვლილებები შევატყვე. სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა, ხან თათბირს იმიზეზებდა, ხან სხვა რამეს. არ მინდოდა იმის გაცნობიერება, რომ მღალატობდა.
დაბადების დღე მქონდა, დილით ისე წავიდა, მოლოცვა დაავიწყდა. ვიფიქრე, ალბათ ჩემი გაღვიძება არ უნდოდა და საღამოს აუცილებლად მომილოცავდა. მთელი დღე ისე გავიდა, ერთხელაც არ დაურეკავს. ესეც დაკავებულობას მივაწერე. საღამოს თანამშრომლები მესტუმრნენ, გიგაც მოიკითხეს. ვიცრუე, სიურპრიზს მიმზადებს-მეთქი.
მერე სტუმრები წავიდნენ ბავშვი დავაძინე აივანზე გავედი და გვიანობამდე ველოდე. ღამის 2 საათზე მოვიდა. ნასვამი იყო, რაღაცას ღიღინებდა გაუკვირდა რატომ არ გძინავსო და საძინებლისკენ წავიდა. არც კი გახსენებია ჩემი დაბადების დღე.
დილით მეუღლის გულწრფელ საუბარში გამოწვევა ვცადე. ვკითხე, ვინმე ხომ არ ჰყავდა. მიპასუხა, რომ რაღაცები მეჩვენება, უბრალოდ, სამსახურში ძალიან იღლება და სალაპარაკო მხოლოდ იმიტომ არ გვაქვს, რომ მას ჩემი სკოლის ამბები არ აინტერესებს (მე სკოლაში ვმუშაობ). ამით ჩვენი დიალოგი დამთავრდა და გავაგრძელეთ ისევ ასე ცხოვრება გაუცხოებულებმა.
ერთხელ გამთენიისას მოვიდა. ფეხაკრეფით შემოვიდა ოთახში და საწოლთან ჩამომიჯდა, გაოცებულმა შევხედე. ცრემლები მოსდიოდა. გამომიტყდა, რომ სხვა შეუყვარდა და ამის დამალვაა აღარ შეეძლო.
გიგა ქირურგია და ის ქალბატონიც სამსახურში გაუცნია. პრაქტიკანტი ყოფილა. დეტალურად მომიყვა, მათი ურთიერთობა როგორ დაიწყო და განვითარდა. თითქოს ძალიან ახლო მეგობარს უყვებოდა. მივხვდი, იმ ქალით მონუსხული იყო. ძალიან განვიცადე, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. წასვლა დავაპირე, გამაჩერა, მე წავალ, შენ აქ იცხოვრეო, მითხრა.
ასე დავრჩით მარტო მე და ჩემი 7 წლის შვილი. მერე დეპრესიამ შემომიტია. სახლში ყველაფერი მას მახსენებდა, ამიტომ ავდექი და ცოტა ხნით მშობლებთან წავედი. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რომ ოჯახის დანგრევის საშუალება მივეცი, რომ მის შესანარჩუნებლად არაფერი მოვიმოქმედე. ახლობლებს დაჯერება უჭირდათ, გიგამ ეს როგორ გააკეთაო. განუწყვეტლივ ვტიროდი. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე.
ერთ არაჩვეულებრივ დილას გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ თავისუფალი ვიყავი ამ ჯოჯოხეთური გრძნობისგან. ალბათ დრო მართლაც ყველაფრის მკურნალია. მივხვდი, რომ ისევ გემრიელად შემეძლო ყავის დალევა, ვგრძნობდი წყლის, საჭმლის გემოს. თითქოს ისევ ფრთები შევისხი.
დავბრუნდი ჩემი და გიგას სახლში. სამსახურშიც გავედი, ძველებური ხალისიც დამიბრუნდა. ერთი რამ მაწუხებდა მხოლოდ, ბავშვი უმამობას განიცდიდა. ახალ წელს თოვლის ბაბუას წერილი მისწერა, მამიკო დაგვიბრუნეო.
ერთ მშვენიერ დღეს კარზე ზარი გაისმა. გავაღე და გიგა იდგა, ხელში სათამაშოს ყუთი ეკავა. ბავშვის სანახავად მოვედიო. რა თქმა უნდა, შემოვუშვი. ბავშვის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მამა-შვილი ერთმანეთს ჩაეხუტა. დიდხანს ითამაშეს, ილაპარაკეს. მივხვდი, რომ გიგას წასვლა აღარ უნდოდა. მერე ჩვენთან ერთად ივახშმა.
არაფერი უთქვამს, ისე წავიდა. ამის შემდეგ, ყოველ ოთხშაბათს მოდიოდა, ვითომ ბავშვის მოსანახულებლად. თავს უხერხულად გრძნობდა, არ იცოდა, რა ეთქვა, სად დამჯდარიყო დ სად დამდგარიყო. ერთ-ერთი სტუმრობისას ვეღარ მოითმინა და პატიება მთხოვა. მითხრა, რომ ჩვენზე ძვირფასი არავინ ჰყავს, რომ გაუსაძლისია უჩვენოდ ცხოვრება და ოჯახში დაბრუნება უნდა.
შევრიგდით. ყველაფერი ჩხუბის და გარჩევების გარეშე მოხდა. გიგამ უკანასკნელი შანსი მთხოვა, ვინაიდან აცნობიერებდა რომ ისედაც ძალიან მატკინა გული. თუმცა არ ვიცი, ღირს კი შერიგება? ეჭვი მეპარება უწინდებურად მიყვარდეს, არც მისი გულწრფელობის მჯერა. ადამიანს თუ უყვარხარ, ამხელა ტკივილს არ მოგაყენებს, ბავშვით ხელში არ მიგატოვებს..
მოკლედ, სანამ ცალ-ცალკე ვიყავით, ჩემს სამსახურში ახალი თანამშრომელი მიიღეს, ნიკა, ძალიან ენერგიული, ხალისიანი და სიმპათიური ბიჭი. დავმეგობრდით და ლანჩზეც ერთად ჩავდიოდით შესვენებისას შესვენებისას ბევრს ვლაპარაკობდით, ვიცინოდით. ამასობაში ისე შემომეპარა რაღაც უცნაური, დიდი ხნის წინ მივიწყებული გრძნობა, რომ ვერც მივხვდი.
როცა ეს გავაცნობიერე, შევეცადე თავი შორს დამეჭირა ნიკასგან, მაგრამ გასაქანი არ მომცა… მოკლედ, თავი დავკარგე. ბედნიერებისგან თუ თავქარიანობისგან, ეს არ ვიცი. გავიდა რაღაც დრო და ახლა მან დაიჭირა თავი ჩემგან შორს. ისე ვიეჭვიანე, გიგაზე რომ არ მიეჭვიანია.
როგორც აღმოჩნდა, ამის საფუძველი მქონდა, ნიკა ახლა ჩვენს ოფის-მენეჯერს, ნინის დაუახლოვდა. გიგას ოჯახში დაბრუნებამდე 6 კვირით ადრე მთელმა ოფისმა ვიცოდით, რომ ნიკა და ნინი ქორწინდებოდნენ. ის ღამე როგორღაც გავათენე…
გიგას დაბრუნებიდან 3 დღეში ნიკამ სასიყვარულო მესიჯი მომწერა, ცოლს ვშორდები, შენ მიყვარხარო. არაფერი მიპასუხია და ეს-ემ-ესიც წავშალე, მაგრამ გული ამოვარდნაზე მაქვს, ცხოვრება თავზე დამემხო, აღარ ვიცი, ვის დავუჯერო, ვის მივენდო და სად წავიღო ეს ჩემი გამწარებული სიყვარული. არც ერთი მამაკაცის არ მჯერა.
ასე მგონია, მხოლოდ საკუთარ კომფორტსა და სექსზე ფიქრობენ და მათ გვერდით მყოფი ქალის გრძნობები არაფრად მიაჩნიათ. ამის დასტური ხომ ისიც არის, რომ ჩემმა ქმარმაც და შეყვარებულმაც ის ქალები მიატოვეს, რომელთა გულისთვისაც ჯერ მე მიმატოვეს?!
გასუსულები ვუსმენდით ნათიას. ყველამ რაღაც საკუთარი აღმოვაჩინეთ მის სევდიან ისტორიაში, თუმცა, ნათიას კითხვაზე პასუხი არც ერთს არ გვქონდა.
შენიშვნა – სტატიის ფოტო მითითებულია პირობითად