“ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანი დაკარგა ქვეყანამ” – ყველასათვის ცნობილი ქართველი გარდაიცვალა

“ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანი დაკარგა ქვეყანამ” – ყველასათვის ცნობილი ქართველი გარდაიცვალა

ამირან ბუტურიშვილი სოციალურ ქსლეში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :

2022 წლის 13 ივნისს მარადისობის მკვიდრი გახდა დიდებული ადამიანი, მეცნიერი, ინჟინერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

გოჩა ჩოგოვაძე

(1941-2022)

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდგომში ტექნიკური უნივერსიტეტის) რექტორი (1988-1994), საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოში (1994-2004), საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში (1994-2004), იუნესკოს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი (2004 წლიდან). ჩეხეთის უნივერსიტეტი (CVUT, პრაღა), საპატიო დოქტორი, ევროპის (ზალცბურგი) მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ნამდვილი წევრი, საერთაშორისო ტექნიკური ასოციაციებისა და ორგანიზაციების გაერთიანების (UATI) პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საინჟინრო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო საბჭოს (ICET) მმართველობის წევრი, საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი. საპატიო ნიშნისა და ღირსების ორდენების კავალერი, გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლის მფლობელი.

გოჩა ჩოგოვაძე დაიბადა 1941 წლის 11 იანვარს ქუთაისში, ცნობილი ენერგეტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ გიორგი ჩოგოვაძის ოჯახში. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 56-ე საშუალო სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებშივე გამოავლინა მეცნიერული კვლევებისადმი მიდრეკილება. 1963 წელს წარჩინებით დაამთავრა ინსტიტუტი და დატოვეს გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე, სადაც 1964-67 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი. შემდგომ წლებში მუშაობდა გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე ასისტენტის, უფროსი მასწავლებლისა და დოცენტის თანამდებობაზე. 1971 წელს გოჩა ჩოგოვაძის თაოსნობით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა, რომლის პირველ გამგედ იქნა არჩეული. 1975 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო 1976 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრასთან არსებულ დარგობრივ კვლევით ლაბორატორიას.

პროფესორმა გოჩა ჩოგოვაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სამრეწველო ობიექტების მართვის ავტომატიზებული სისტემების შექმნის და გაანგარიშების თეორიასა და პრაქტიკაში. იგი მართვის ავტომატიზებული სისტემების ქართული სკოლის ფუძემდებელია. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები თავმოყრილია 20 მონოგრფიაში, 6 გამოგონებასა და 100-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში, რომელთაგან ბევრი გამოქვეყნებულია აშშ-ში, რუსეთში, ინგლისში, ჩინეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. იგი მრავალი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი იყო. აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი მონოგრაფიები მართვის ავტომატიზებული სისტემების დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია. მისი სტუდენტები დღეს აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები არიან.

1981-1986 წლებში გოჩა ჩოგოვაძე მუშაობდა საფრანგეთში, პარიზში იუნესკოს განათლების სექტორის ინფორმატიკის განყოფილების უფროსად. 1986-1988 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს კპ ცკ-ის განათლებისა და მეცნიერების განყოფილებას, წლების მანძილზე იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1988 წლის ბოლოს გოჩა ჩოგოვაძე აირჩიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის თანამდებობაზე. ქვეყნის საინჟინრო განათლებისა და მეცნიერების ამ უმთავრეს კერას იგი 1994 წლამდე უძღვებოდა. მის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს საუნივერსიტეტო განათლების თანამედროვე პრინციპების დამკვიდრების დაწყება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელმაც 1990 წლის 5 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. 1988 წელს გოჩა ჩოგოვაძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და პრეზიდიუმის წევრად, ხოლო 1993 წელს – აკადემიის ნამდვილ წევრად. 1994 წელს აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძეს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური მისია დაეკისრა – წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთსა და ესპანეთის სამეფოში.

აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ღვაწლი მეცნიერებასა და დიპლომატიურ ასპარეზზე დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორი თავდადებითა და ერთგულებით უნდა ემსახურებოდე ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისა და წინსვლის საქმეს (საიტიდან gtu.ge).

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *