სოციალურ ქსელსა და ზოგიერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივი – ერთ-ერთი ვერსიით, შურისძიებაა, ნიკო კვარაცხელიას ოჯახი გამოეხმაურა.
„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს. ჩვენ ნაცნობობაც კი არ გვქონია ამ ოჯახთან, საშინელი ფაქტი მოხდა და წარმოუდგენელია, ასე სწრაფად ვის ჰქონდა გამომცხვარი ვერსია? მე არაერთხელ გავაჟღერე ჩემს განცხადებებში, რომ ნიკოს მკვლელობის სცენარი რაღაც დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, გადანაწილებული როლებით, რეჟისორს ალბათ ჯერაც არ დაუსრულებია საკუთარი პიესა და სამწუხაროა, რომ ისევ დააყენა ასეთი მძაფრი სიუჟეტი.
ჩვენს ოჯახს აქვს უამრავი შეკითხვა რომელსაც აგერ უკვე ცხრა თვის განმავლობაში არ გაეცა პასუხი და დღესაც ველით სიმართლის დადგენას. შვილის გლოვის საშუალებას არ გვაძლევენ, მაშინ როცა მკვლელების და მათი თანამზრახველების საქმე დღესაც არ არის ბოლომდე მიყვანილი, არ დარქმევია ყველაფერს მისი სახელი, ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავოთ, არანაირი წყარო, რომელიც მედიას მსგავს ინფორმაციას მიაწვდიდა, არ არსებობს, რომ არა „სეთურის” ინსტიტუტი.
უფალმა ინებოს რომ ეს მკვლელობის საქმე არ დარჩეს გამოუძიებელი… ნიკოს ოჯახი არასოდეს იქნება შურისმაძიებელი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, ძალიან სამწუხაროა რომ დღეს 21-ე საუკუნეში ისევ საბჭოთა მეთოდები მუშაობს — დღეს არც ვიცი რა ჰქვია ამ ინსტიტუტს…”, – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ავტომანქანით, თანმხლებ პირთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.