28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მთავრობის სხდომაზე, თუ რა გეგმები აქვს სახელმწიფოს მისი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მომდევნო წელს სოციალური გასაცემლების ზრდაა გათვალისწინებული. ეს იქნება პენსიები, შშმ პირთა დახმარებები და სხვა.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სხვადასხვა პროექტებს დაემატა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდაც, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში განსაზღვრული.
„მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 2 წლის წინ ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე იყო 50 ლარი და 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ეს თანხა გახდება 200 ლარი. თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია“- განაცხადა პრემიერმა.
ამ ეტაპზე გაზრდილ გასაცემელს 220 ათასი ბენეფიციარი იღებს. 2023 წლის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია, 2024 წლის კი 530 მილიონი ლარი იქნება.
ჯანდაცვის სამინისტროში გადავამოწმეთ, არის თუ არა აღნიშნული დახმარება სოციალურად დაუცველი ყველა ბავშვისთვის გათვალისწინებული, სადაც განგვიცხადეს, რომ დახმარება შეეხება ოჯახებს, რომელთა ქულა 120 ათასამდეა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის ქულა 120 ათას არ აღემატებოდა 150-ლარიან დახმარებას იღებდნენ.
პრემიერის განცხადებას ეხმიანებიან სოციალურად დაუცველებიც, რომლებიც გაწევრიანებული არიან სოციალურ ქსელის ჯგუფებში.
ვერიკო ქამუშაძე მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას მიესალმება და იმ პირებს მიმართავს, ვისაც ეს დაფინანსება მცირე ჰგონია:
„ძალიან ცოტაა ზოგადად საარსებო მინიმუმი მაგრამ ბევრი სარგებლობს სოც. დაუცველობით. ცოტაა თუ ბევრი მაინც ყოველ თვე აქვს ადამიანს შემოსავალი და რაღაცის იმედი. პლუს, ზოგი დემოგრაფიულს იღებს და მთელ ოჯახს ერიცხება 60 50 40 ლარი. სოციალურად დაუცველებს ბევრი რამით სარგებლობის უფლება გვაქვს. ვაუჩერით კვებაზე პატარებს ხელი ეწყობა მაქსიმალურად ვაუჩერით. პატარ-პატარა დახმარებები მუდმივადაა. ვისაც არ მოსწონს უამრავი ადამიანი რიგში და მათ დაუთმონ“,- აღნიშნავს ვერიკო.
კერძოდ, მთავრობის მეთაურის ინიციატივით, მარტიდან ამოქმედდა დასაქმების პროგრამა, სადაც ნებისმიერ ბენეფიციარს, ვინც შრომისუნარიანია, შეუძლია იპოვოს სასურველი სამუშაო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დასაქმდებიან სოციალური დახმარება მაინც არ შეუჩერდებათ.
დღეის მონაცემებით, სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამით დაახლოებით, 30 000-მდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, სოციალურად დაუცველების არა მხოლოდ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა, არამედ ბიზნესში მათი ეტაპობრივი გადასვლა და მათი პროფესიული უნარების განვითარება.
მინიმუმ 200 000 შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი გვყავს და ჩვენი სურვილია, რომ ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ,- თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის 28 ნოემბერს გაკეთებულმა კიდევ ერთმა განცხადებამ კერძო სექტორში დასაქმებული ის ადამიანები გაახარა, რომლებიც დედობისთვის ემზადებიან.
კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება კერძო სექტორში დასაქმებულთათვისაც გაორმაგდება და 1-ლი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარი იქნება.
„დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური. ამის თაობაზე მე პარლამენტშიც მთხოვეს. გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ დეკრეტული შვებულების პერიოდში კერძო სექტორში დასაქმებულთათვისაც გავაორმაგოთ დახმარება. 1 იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად გახდება 2000 ლარი.
მანამდე გახსოვთ, ჩვენ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ეს ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებზეც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2 000 ლარი იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ექსპერტი სოსო არჩვაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ის პროექტები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მართლაც უპრეცედენტოა. საქართველოს მთავრობა მუდმივად ზრუნავს მისი ხალხის კეთილდღეობაზე იქნება ეს სტაბილურობა თუ ეკონომიკური სიძლიერე.
„სოციალურ პროექტებთან დაკავშირებით, ორი ძირითადი მიმართულებაა: ერთი, წმინდა მონეტარული ხაზით დახმარებების აღმოჩენაა, რაც გულისხმობს ხელფასების, პენსიების გაზრდას, სხვადასხვა დახმარება-შემწეობებს, დეკრეტულ შვებულებას და რიგ სხვა ღონისზიებებს, რაც მოსახლეობის პირადი საბიუჯეტო შემოსავლებს ემსახურება. არის არამონეტარული ფორმაც – როდესაც მოსახლეობის კეთილდღეობა უმჯობესდება, მათთვის სათანადო საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებით – ეს არის საბინაო მშენებლობა, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რემონტი, ინფრასტრუქტურის განვითარება, რითაც ადამიანების მგზავრობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო ხდება. მთლიანობაში, კურსი არის შემდეგნაირი – რადგანაც ჩვენ კონსტიტუციაში გაწერილი გვაქვს, რომ ჩვენი სახელმწიფო სოციალურად ორიენტირებულია, ფაქტობრივად, ხორციელდება.
რომ ავიღოთ აბსოლუტური რიცხოვნობა ჯამური მატებისა, დაახლოებით, საბიუჯეტო სახსრების ყოველი 1 ლარზე თითქმის 70%, 70 თეთრი მოდის სოციალური მიმართულებით. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს ეს თანაფარდობა შეადგენდა მხოლოდ 32%-ს. გაგვეზარდა რაოდენობა და გაგვეზარდა მისი სოციალური მიმართულებაც“,- ამბობს ექსპერტი.
ექსპერტი, სოსო არჩვაძე ემიგრაციაში წასულ მოქალაქეებზეც საუბრობს. მისი შეფასებით, მედალს ორი მხარე აქვს და სწორედ ამ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ ეს თემა. რადგან სასწორის ერთ მხარეს რომ დავდოთ ის ეკონომიკური სარგებელი, რასაც ფულადი ტრანზაქციებით ახდენენ უცხოეთში წასული ოჯახის წევრები და ის მორალური, მენტალური, კულტურული ზარალი რომ ავიღოთ, რასაც ჩვენ ვაწყდებით, ჯერ კიდევ საკითხავია, რომელი მხარე გადაწონის. ამიტომ ჩვენ გვინდა კეთილდღეობა, განვითარება, სტაბილურობა საქართველოში ერთობლივი ძალისხმევითა და თანადგომით.
„ეს გარკვეულწილად, უმადურობისა და ხიბლში ჩავარდნის ბრალიცაა. არის კიდევ ერთი მომენტი – ყველაფერი მონეტარული ფორმით არ იზომება. ის ფულადი ტრანზაქციები, რასაც ემიგრანტები სამშობლოში აგზავნიან, ფაქტობრივად, მოდის არასრულ ოჯახებში, რომლის წევრებსაც განსაკუთრებით ბავშვებს, არამარტო მატერიალური ზრუნვა, არამედ მშობლის სითბო, ყურადღება და გულისხმიერება სჭირდება. გარკვეულწილად, ის მომატებული აგრესია, რაც ჩვენ საზოგადოებაში ხშირად შეინიშნება, ამის დამსახურებაცაა – ბავშვებს დედების სითბო და მზრუნველობა აკლიათ“,- ამბობს სოსო არჩვაძე.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს დროულს და მნიშვნელოვანს უწოდებს. ეკონომიკის დარგის ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაურს საინტერესო შემოთავაზებები აქვს სოციალურ პროექტებზე.
„სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით მხარდაჭერა. რომ მოქალაქეებმა აიმაღლონ კვალიფიკაცია.ძალიან დროული და მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო სთავაზობს მოსახლეობას, როგორც კვალიფიკაციის მიღებას, ასევე კვალიფიკაციის ამაღლებას. ასევე სთავაზობს სამუშაო ადგილებს, ბიზნესის წახალისებას და ეს ყველაფერი მთლიანობაში მისასალმებელია.
ეკონომიკის დარგის ექსპერტი სამუშაო ადგილების შექმნაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ როცა ამ საკითხზე არის საუბარი ადეკვატურები უნდა ვიყოთ და სანამ სახელმწიფოს რამეს მოვთხოვთ, გავითვალისწინოთ, რომ ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ეტაპობრივად მოხერხდება.
„ცალკე თემაა, რამდენად რთულია იმ ადამისთვის ოჯახიდან წასვლა იმისთვის, რომ მისი ოჯახის წევრები უზრუნველყოს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა საზღვარგარეთ ჩასულები ვერ პულობენ მაღალანაზრაურებად სამუშაოს. ძალიან ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინოს ინდივიდმა, როდესაც სამუშაოდ მიდის. შეიძლება, ერთი შეხედვით ხელფასი მაღალი ჩანდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია ხარჯები როგორია იქ. როგორი ცხოვრების პირობები ექნება იქ. როგორი სამუშაო გარემო, რისი გადმოგზავნის შესაძლებლობა ექნება ოჯახისთვის. ამ ყველაფერს რომ გაითვალისწინებ, იქნებ არც ღირდეს საზღვარგარეთ წასვლა. რა თქმა უნდა ეს ცალკეული შემთხვევებია. რაც შეეხება საქართველოს, ქართულ ეკონომიკას დიდი ზიანი ადგება. მაგრამ ჩვენ რომ სახელმწიფოს მოვთხოვოთ 300 ათასი ადამიანი ერთბაშად დაასაქმეო, ყველამ ვიცით, რომ ეს შეუძლებელი მისიაა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ყოველი ნაბიჯი, რომ შექმნას ახალი სამუშაო ადგილი, ეს უპირობოდ მისასალმებელია. ამიტომ ადეკვატურები უნდა ვიყოთ და გვესმოდეს, რომ ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ეტაპობრივდაა შესაძლებელი“,- ამბობს ვახტანგ ჭარაია.
ამასთან, ვახტანგ ჭარაია საუბრობს იმ უარყოფით მხარეზეც, რაც „იოლი შემოსავლით“ ცხოვრებას გულისხმობს.
„საქართველოში არაერთხელ დამტკიცებულა, რომ სხვადასხვა ტიპის წახალისებები მოქალაქეებს აზარმაცებს. უფრო სწორად სამი ვარიანტი გვაქვს: ერთი რომ აზარმაცებს, მეორე მალავს შემოსავლებს და ხელზე იღებს ანაზრაურებს, რომ არ გამოჩნდეს და არ დაეკარგოს შემწეობა. მესამე ის, რომ შეირგოს მაქსიმალურად ის კეთილდღეობა, რასაც სახელმწიფო სთავაზობს“,- ამბობს ვახტანგ ჭარაია.
სოციალური მიმართულებით მთავრობის პროგრამები ამით არ ამოწურულა, სხვადასხვა პროგრამებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ
უფასო და შეღავათიანი მგზავრობა თბილისის მასშტაბით
დედაქალაქის ტერიტორიაზე 10 თეთრად მგზავრობის უფლება აქვთ:
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებულ 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.
დედაქალაქის მასშტაბით მგზავრთა რამდენიმე კატეგორია საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო ან შეღავათიანი ტარიფით გადაადგილდება.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის “სოციალური მზრუნველობის სააგენტოს” თანამშრომლებს.
დედაქალაქის ტერიტორიაზე 20 თეთრად მგზავრობის უფლება აქვთ
პენსიები და სოციალური დახმარებები
2023 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა:
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770 მილიონ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია:
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 65 ლარით და განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება;
გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით;
გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივნისიდან 150 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;
დევნილთა სახლების უზრუნველყოფის კუთხით იწყება 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 250 მილიონ ლარზე მეტი.
რა გამოკვლევები გეკუთვნით უფასოდ სახელმწიფოსგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით
საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ამ პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის ფინანსური უზრუნველყოფა შექმნას.
პაკეტები პროგრამაში ჩართული კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია. უფრო ზუსტად კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ:
პირები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” და მინიჭებული აქვთ 70 000-დან-100 000 სარეიტინგო ქულა;
6-დან 17 წლის (ჩათვლით) ასაკის პირები;
წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები;
თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ან სხვ. პირები.
გარდა ამისა, გამოყოფილია მიზნობრივი ჯგუფები, როგორებიცაა ვეტერანები, პენსიონერები, შშმ პირის სტატუსის მქონე ადამიანები. პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება, საქართველოს მასშტაბით.
წყარო : Primetime.ge