საგარეჯოში, კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან სროლის შესახებ, რის შედეგადაც,
გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მკვლელი ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია.
არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე პირი, რომელიც ყოფილი სამხედროა, აღნიშნულ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში ქირით ცხოვრობდა, თუმცა ადგილობრივებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ის სახლში არ უნახავთ. ამასთან, ადგილზე გავრცელებული ცნობით, ყოფილი სამხედრო ავღანეთის მისიაში მონაწილეობდა.
“ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. მე მაღაზიაში ვმუშაობ, დილიდან აქ ვარ და სხვა დეტალი არ ვიცი. როგორც ვიცი, თავდამსხმელიც იქ ცხოვრობს, მაგრამ მე არ ვიცნობ. როგორც ამბობენ, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა… დაღუპულები პატარა ბიჭები არიან. ისინი მეზობლები იყვნენ, ერთ უბანში ვართ გაზრდილი“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა – 5 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ერთი ჩვენი თანამშრომელია. მინდა ოჯახებს მივუსამძიმრო. 5 ადამიანია ასევე დაჭრილი, ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება და ექიმები ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ არა. ვერავინ ვერ ვხსნით რა მოხდა. მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა ჯერ ერთი მხრიდან, მერე აივნის მეორე მხრიდან, სახლში იყო იმ პირის შვილიც, რომელიც სახლიდან გაიქცა.
ეს პირი სამხედრო პირი იყო, როგორც უკვე ვიცით 2021 წელს არის წამოსული სამსახურიდან. მანამდე მუშაობდა ჯარში და ავღანეთშიც ნამყოფია. სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა და მოუწოდეს, მაგრამ ვერაფერი… გასროლა გააკეთა ამ პირმა მაშინ, როდესაც სპეცრაზმი შევიდა. სპეცრაზმმა ნახა, რომ თავიდან სისხლი მოსდიოდა და გვერდით იარაღი ედო.
სახელს და გვარს ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, შვილი ვერაფერს გვეუბნება ამბობს, რომ გამოვედი და გვამები ძირს ეყარა, მე კი გამოვიქეციო,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ახლახანს ცნობილი ხდება რომ დაღუპული 6 ადამიანია. პრაიმტაიმმა ახლახანს მკლველის ვინაობა დაადგინა და ფოტო გაავრცელა. ”პრაიმტაიმის” ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია.