ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ძაღლის ცოფის 3 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.
ამბროლაურში დღეს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაიყვანენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი.
„მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი“, – აღნიშნულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.