რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცნობილი რუსთაველი სპორტსმენი, ალექსანდრე წივწივაძე დაშავდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წივწივაძე მოტოციკლით გადაადგილდებოდა.
ახალგაზრდა სპორტსმენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა მათივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.
კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, ახალგაზრდას რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
“შემოვიდა პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ჩვენს კლინიკაში. ის გახლდთ კონტაქტური, ადეკვატური. ჩაუტარდა კვლევები და დაფიქსირდა გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი მომზადების შემდგომ, ჩაუტარდა ოპერაცია ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, თუმცა სტაბილური”, – აცხადებს პაატა პაატიშვილი.
შეგახსენებთ, ალექსანრე წივწივაძე კანოე-კაიაკში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონია.