ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. მიხეილ მაზანაშვილი ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტთან იბრძოდა სადაც მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა. არაოფიციალური ინფორმაციით, ის გუშინ რუსულ ჭურვს შეეწირა.
მიხეილ მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტიდან არის. მიშა მაზანაშვილის ახლობლები და თანასოფლელები ჰყვებიან, რომ 29 წლის მებრძოლი უკრაინაში 1 წლის წინ წავიდა. მათივე ინფორმაციით, მაზანაშვილს ჰქონდა დიდი სამხედრო გამოცდილება. ახალგაზრდა კაცი იბრძოდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში, ასევე, იმყოფებოდა ავღანეთში საერთაშორისო მისიაში.
“ერთად გაზრდილები ვართ, 1 წლის უკან წავიდა უკრაინაში. იქ იბრძოდა, მეუღლე იქ შეირთო, იქაური ცოლი მოიყვანა, იქ ცხოვრობდა. ხვალ აქვს დაბადების დღე. გუშინ გაგვაგებინეს ჩვენ, როგორც ვიცით, ჭურვი დაეცა”,- ამბობენ ახლობლები. ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 40-მდე ქართველია დაღუპული.