ნიგერიელებმა კვარაცხელიასა და ოსიმენის შესახებ სოციალურ ქსელში “ომი” გააჩაღეს. წერენ, რომ სერია A-ს მეფის გვირგვინი არა კვარაცხელიას, არამედ ვიქტორ ოსიმენს ეკუთვნის. მათი უმეტესობის აზრით, “ოსიმენს ჩაგრავენ რასისტული მოტივებით.”
ამ ერთგვარი კორონაციის თემას, ნიგერიის პრეზიდენტი, ბოლა აჰმედ ტინაბუც ეხმიანება. მისი პოსტი შედარებით დიპლომატიურია, თუმცა მაინც ერთგვარი გამოხმაურებაა სოციალურ ქსელში მიმდინარე დავის.
“ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ იტალიაში კიდევ ერთი კორონაცია იყო, სადაც ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია ა-ს ახალმა მეფემ. ვიქტორმა გააგრძელა ნიგერიის საფეხბურთო ბრწყინვალების ტრადიცია ფეხბურთის გლობალურ არენაზე. ჩვენ ყველანი მისით ვამაყობთ და წარმატებებს ვუსურვებთ კარიერაში, რომელიც უკვე შესანიშნავია”, – წერს “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე ტინაბუ.