ცივი შხაპის დადებითი თვისებები – გიორგი ღოღობერიძე ჩვენთვის აქამდე უცნობ ინფორმაციას გვიზიარებს

ცივი შხაპის დადებითი თვისებები – გიორგი ღოღობერიძე ჩვენთვის აქამდე უცნობ ინფორმაციას გვიზიარებს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “მთავარი დიაგნოზი” ცივი შხაპის სასარგებლო თვისებების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რაში დაგვეხმარება ის ფაქტი, თუ ცივ შხაპს რეგულარულად მივიღებთ:

– მინდა, ძალიან მარტივი გზა გასწავლოთ, თუ როგორ უნდა მოაგვაროთ ბევრი პრობლემა მედიკამენტებისა და ყოველგვარი ფინანსური დანახარჯების გარეშე:

მაგალითად, თუ გაწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია, ან ხართ ადამიანი, რომელსაც სისხლში ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა აქვს და უნდა, რომ ქოლესტეროლის დონე მედიკამენტების გარეშე დაწიოს; ან კიდევ გაქვთ ჭარბი წონა და ყოველგვარი დიეტის, დანამატების გარეშე გინდათ, რომ წონის პრობლემა მოაგვაროთ; ასევე, თუ ძალიან ხშირად გემართებათ ინფექციები და გინდათ, რომ იმუნური სისტემა გააკაჟოთ. გაწუხებთ უძილობა, გულის არეში უსიამოვნო განცდა, მიდრეკილი ხართ დეპრესიისკენ – თუ გინდათ, რომ ამ ყველაფრისგან ძალიან მარტივად, ყოველგვარი ფინანსური დანახარჯის გარეშე გამოხვიდეთ, ცივ შხაპი უნდა მიიღოთ.

ცივი შხაპი დილით, ან საღამოს, დაახლოებით, 30 წამიდან 2 წუთის განმავლობაში უნდა მიიღოთ. ცივ შხაპში მოიაზრება ტემპერატურა, რომელიც 20 გრადუსის ფარგლებშია. როცა მას დილის ან საღამოს საათებში იღებთ, ჩათვალეთ, რომ ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებთ.

ცივი შხაპის მიღებისას სიმპათიკური ნერვული სისტემა მაშინვე იძაბება და ორგანიზმში ყველა სისხლძარღვი, არტერია, ვენა, კაპილარი, დაიძაბება და ყველა ორგანო უკეთეს ცირკულაციას მიიღებს. გარდა ამისა, სტრესის დონე მკვეთრად დაიკლებს. როდესაც ცივ შხაპს იღებთ, კორტიზოლის რაოდენობა მკვეთრად მცირდება და სტრესი, დაძაბულობა, შფოთვა მაშინვე მოგეხსნებათ.

გარდა ამისა, ის თქვენს ორგანიზმს სწრაფად გამოაღვიძებს. როგორც კი ცივ შხაპს მიიღებთ, ამ დროს ორგანიზმში სუნთქვა მკვეთრად გაღრმავდება და გახშირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ C2-ის რაოდენობა მკვეთრად დაიწევს, გულისცემის სიხშირე მოიმატებს, სხეულში ჟანგბადის რაოდენობაც გაიზრდება და ყველა ორგანო მაქსიმუმზე იქნება ჩართული. გარდა ამისა, თქვენს იმუნურ სისტემას მყისიერი სტიმული ექნება. 3 018 ადამიანთა შორის ჩატარებულ კვლევაში აღმოჩნდა, რომ როცა ისინი ცივ შხაპს 30-90 წამის განმავლობაში იღებდნენ, მათში ინფექციების განვითარების სიხშირე უფრო დაბალი იყო, ვიდრე იმ პირებში, რომლებიც ცივ შხაპს არ იღებდნენ. რატომ ხდება ასე, ამის ზუსტი მექანიზმი არ ვიცით, მაგრამ ძალიან ბევრი ვერსია არსებობს. მაგალითად, როცა სხეულზე რაიმე ტრავმა გაქვთ, მასზე ყინულს იდებთ ხოლმე. ყინულს იდებთ იმიტომ, რომ შეშუპება დაცხრეს, ტკივილი მოგვეხსნათ და არც ანთება განვითარდეს. საქმე იმაშია, რომ როდესაც ყინულს იდებთ, კონკრეტულ მიდამოში სისხლძარღვები მკვეთრად ვიწროვდება. იმუნური უჯრედების დაგროვება და ანთების განვითარების ხარისხი მცირდება, აღარ გამოიყოფა პროსტაგლანდინები და ტრავმის შედეგად არსებული ტკივილები გეხსნებათ. იგივე ეფექტი აქვს ცივ შხაპს. მისი ზემოქმედებით თქვენი იმუნური სისტემა რეგულირდება.

გარდა ამისა, ცივი შხაპი დაგეხმარებათ, რომ წონაში დაიკლოთ და ქოლესტეროლის რაოდენობა დაწიოთ. ასევე, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის რისკი შეიმციროთ. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. როდესაც ადამიანი რეგულარულად იღებს ცივ შხაპს, მაგალითად, 8 კვირის განმავლობაში, ეს პროცესი თქვენს ორგანიზმში ავითარებს ქსოვილს, რომელსაც რუხი ცხიმოვანი ქსოვილი ჰქვია. რუხი ცხიმოვანი ქსოვილი ჩვეულებრივი ცხიმოვანი ქსოვილისაგან იმით განსხვავდება, რომ მასში ძალიან ბევრი მიტოქონდრიაა, რაც ენერგიას მასიურად წვავს. როცა ცივ შხაპს იღებთ, მის საპასუხოდ ჩვენს ორგანიზმში, აორტის გარშემო, ბეჭებს შორის სივრცეში, ლავიწის ქვედა მიდამოებში, თირკმელების ზემოთ, გულის გარშემო რუხი ცხიმოვანი ქსოვილი ყალიბდება, რომ სიცივის საპასუხოდ სითბოს წარმოქმნა გაიზარდოს. ჩვენს ორგანიზმში კი სითბოს გლუკოზისა და ცხიმოვანი მჟავების წვა იწვევს. თუ ყოველდღიურად მიიღებთ ცივ შხაპს, რუხი ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობა მოიმატებს, ცხიმების ინტენსიურ მოხმარებას დაიწყებს, რაც მათ რაოდენობას დაწევს და წონაში ეტაპობრივად დაიკლებთ. ასევე, სისხლში ქოლესტეროლის რაოდენობა შეგიმცირდებათ.

გარდა ამისა, როცა ცივ შხაპს იღებთ, დეპრესიის ხარისხი მკვეთრად მცირდება. თუ გაქვთ დეპრესია, შფოთვა, მკურნალობთ, მაგრამ შედეგი არ გაქვთ, ყოველდღიურად ცივი შხაპის მიღება სცადეთ. ის დაგეხმარებათ, რომ ამ სიტუაციიდან გამოხვიდეთ.

ასევე, ცივი შხაპი გეხმარებათ, რომ გულის არეში არსებული უსიამოვნო შეგრძნება მოაგვაროთ. თუ ყოველდღიურად ცივ შხაპს მიიღებთ, ორგანიზმში პარასიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსი გაიზრდება და თქვენი გულისცემა დარეგულირდება.

მაგრამ ცივი შხაპის მიღება არ შეიძლება იმ პირებისათვის, რომლებსაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებთ. თუ მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ, თქვენთვის, პირიქით, ცხელი შხაპის მიღება იქნებოდა კარგი. იმიტომ, რომ როდესაც ცხელ შხაპს იღებთ, სისხლძარღვები ფართოვდება და წნევაც ქვემოთ იკლებს. ხოლო, თუ დაბალი არტერიული წნევა გაქვთ, მაშინ ცივი შხაპი ამ კუთხით მოგეხმარებათ.

თუ უძილობა გაწუხებთ, დაძინებამდე ერთი საათით ადრე ცხელი შხაპი მიიღეთ. ცხელი შხაპის მიღება მთელი სხეულის რელაქსსა და მოდუნებას გამოიწვევს და რამდენიმე წუთში ჩაგეძინებათ. ცხელი შხაპი გამოგადგებათ, თუ ართრიტი გაწუხებთ.

თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც დაბალი წნევისკენ, გულის უკმარისობისკენ მიდრეკილება აქვს, ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, რომელიც მედიკამენტებითაც კი ძალიან რთულად კონტროლდება, მაშინ ასეთი ექსტრემალური ტემპერატურების გამოყენებას ნაკლებად გირჩევთ და ცივი, ან ცხელი შხაპი ექიმთან კონსულტაციის გარეშე თქვენი მდგომარეობის დამამძიმებელი აღმოჩნდეს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *