ლუჩანო სპალეტიმ ნაპოლის მთავარი მწვრთნელის პოსტი 2022/2023 წლების სეზონის ტრიუმფით დასრულების შემდეგ დატოვა და პირობაც დადო, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში არცერთ კლუბს არ უხელმძღვანელებს.
ამის პარალელურად, ახალი სპეციალისტის ძიებაშია ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც გარკვეული ხნის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ მის სიაში 20-მდე მწვრთნელის კანდიდატი შედის, უპირატესობას კი ისეთ ადამიანს მიანიჭებს, რომელსაც იტალიური, კერძოდ კი ნეაპოლური კულტურის ათვისება არ გაუჭირდება.
სწორედ ამ ფაქტის გამო, წესით დე ლაურენტისს ნაპოლიში ადგილობრივი სპეციალისტი უნდა დაენიშნა, მაგალითად ანტონიო კონტე, ვინჩენცო იტალიანო ან ვინმე სხვა, თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ, L’equipe-მა დაწერა, რომ პარტენოპეიში კრისტოფ გალტიე იმუშავებს!
ფრანგი მწვრთნელი ოფიციალურად ჯერ კიდევ პარი სენ-ჟერმენის დამრიგებლის პოსტზე მუშაობს, თუმცა ამავე წყაროსგან ვიგებთ, რომ კრისტოფს სულ მალე დაითხოვენ, ის კი პირდაპირ ნეაპოლისკენ აიღებს გეზს.