სოციალური ქსელის მომხარებელი მიშკა ქუმსიშვილი ნაკრების ავტობუსიდან ჩამომავალი ფეხბურთელების კადრებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ავტობუსთან შეკრებილ პატარა გულშემატკივრებთან ფოტოების გადასაღებად არ გაჩერდა.
“ბევრი ვიფიქრე დამედო თუ არა ეს ვიდეო და ისევდაისევ ქართული ფეხბურთის და მასთან ერთად ხვიჩას გულშემატკივრობის გამო, ჯობია ალბათ “მოყვარეს პირში ვუძრახო”.
მოკლედ, 2 დღის წინ შემთხვევით წავაწყდი სიტუაციას სასტუმრო პულმანთან, სადაც ეროვნული ნაკრების ავტობუსით მოვიდნენ ჩვენი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები (ალბათ რამე კონფერენცია ან სამუშაო შეხვედრა ჰქონდათ).
ხოდა ასე 50-მდე ბავშვი დახვდათ ოვაციებით და შეძახილებით. აშკარად სკოლიდან იყვნენ ორგანიზებულად წამოსულები და არ არის გასაკვირი, რომ ყველას უნდოდა ხვიჩას ნახვა. საიდან გაიგეს ამ ღონისძიების შესახებ არ ვიცი, მაგრამ ძალიან მოწადინებულები იყვნენ კვარასთან შესახვედრად.
როდესაც ავტობუსიდან ფეხბურთელებმა დაიწყეს ჩამოსვლა, ყველა მოგროვდა უკანა კართან. ამ დროს გაიღო წინა კარი და ხვიჩა ჩქარი ნაბიჯით ჩამოვიდა, შემოუარა ავტობუსს და მეორე მხრიდან შევიდა შენობაში ისე რომ თავი აარიდა ბავშვებთან შეხვედრას. ასე დარჩნენ პატარა ქომაგები გაწბილებულები.
ხოდა ანუ, რისი თქმა მინდა: იმ ახლად შექმნილ მუხტს, რაც საზოგადოებაში გაჩნდა ქართული ფეხბურთის მიმართ, განსაკუთრებული მოფრთხილება ჭირდება. ისეთი შეწუხებული ყავს გულშემატკივარს ფეხბურთელები, რომ 5 წუთი ვერ იცლიან ფოტოს გადასაღებად და ავტოგრაფის მისაცემად? შარშან 1 კაცს მაინც რომ ეთხოვა ფოტოს გადაღება, ალბათ აქეთ გაუკვირდებოდა ფეხბურთელს, საიდან მიცნობსო. გასაგებია, ხვიჩას უდიდესი წვლილია ასეთი ქომაგობის შექმნაში, მაგრამ მინიმუმ ის პასუხისმგებლობა მართებს, რომ არ გაექცეს მის სანახავად მოსულ მოსწავლეებს და მათთვის დაუვიწყარი მომენტი აჩუქოს. სხვა თუ არაფერი, უბრალოდ ხელი მაინც დაუქნიოს.
ნუ აიბზუებთ ცხვირს და ნუ გაიმეორებთ ქართველი “სელებრითების” ტიპიურ შეცდომას! იყავით ხალხთან მაქსიმალურად ახლოს! ეს არის ჩემი რჩევა როგორც პირადად თქვენი და ზოგადად ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის.
უნდა აღინიშნოს, რომ ერთადერთი ვინც გაუჩერდა ბავშვებს და არ დაიზარა მათთან ფოტოების გადაღება, იყო გურამ კაშია. მადლობა კაპიტანს, უნდა მიბაძონ სხვებმაც. ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება ასე გავანიავოთ გულწრფელი ქომაგობის საწყისები“, – წერს ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში.