ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, ორი ადამიანი ერთ ჭერქვეშ ისე ცხოვრობდეს, ერთმანეთს ხმას არ სცემდეს და არაფერზე ელაპარაკებოდეს. მით უმეტეს, როდესაც ცოლ-ქმარზე ვსაუბრობთ. თუმცა, ამ კუთხით, იაპონელი წყვილი, რომელზეც დღეს მოგიყვებით, ნამდვილად განსხვავებულია.
ოტოუ კატაიამა საკუთარ ცოლთან ერთად 20 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა, თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში, მას ქალისთვის არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. ქალი, სახელად იუმი, თავის მხრივ ცდილობდა, ქმარი კომუნიკაციაში როგორმე აეყოლიებინა, მაგრამ უშედეგოდ… აღსანიშნავია ისიც, რომ მეუღლეები ცალ-ცალკე არ იძინებდნენ, ერთ გარემოში იყვნენ და სამი შვილი გაზარდეს. ალბათ, ბევრ მკითხველს დააინტერესებს, რა გახდა მიზეზი?
ეს ამბავი მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც წყვილის 18 წლის ვაჟმა დახმარებისთვის ადგილობრივ ტელევიზიას მიმართა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბავშვობიდან მშობლების საუბარი არასოდეს გაუგია. აღნიშნა, რომ ოტოუ კატაიამა ცოლს სრულად უგულებელყოფდა. ქალი ყოველდღე თბილად ესალმებოდა და გემრიელ საჭმელსაც უმზადებდა. საოცარია ის ფაქტი, რომ ოტოუ შვილებს ჩვეულებრივად ელაპარაკებოდა. ცოლის მიერ მომზადებულ საკვებზეც კი შეეძლო საუბარი, მაგრამ იუმის ისე უყურებდა, თითქოს არავინ ყოფილიყო.
დაინტერესებულმა ტელევიზიამ და ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, ამბავი კარგად შეესწავლათ და ოჯახში კომუნიკაცია აღედგინათ. ამ მიზნით, მათ სიუჟეტის გადასაღებად ცოლ-ქმარი იმ პარკში მიიწვიეს, სადაც მრავალი წლის წინ ერთმანეთი გაიცნეს. შეხვედრის პირველ წუთებში ოტოუ ჩვეულებრივად დუმდა, თუმცა ჟურნალისტების დაჟინებული თხოვნისა და ძალისხმევის შედეგად, კაცმა ლაპარაკი დაიწყო. ბოლოს იმდენად გაიხსნა, რომ მეუღლესთან 20-წლიანი დუმილის მიზეზიც გაამხილა.
მან თქვა, რომ როდესაც მეორე ქალიშვილი შეეძინათ, იუმი იმდენად იყო დედობრივ საქმეებში ჩართული, ბავშვს იმხელა ყურადღებას უთმობდა, ქმარი საერთოდ დაავიწყდა. განაწყენებულმა ქმარმაც გადაწყვიტა, რომ ცოლისთვის ხმა საერთოდ აღარ გაეცა. როცა ქალმა ეს მდგომარეობა შენიშნა, უკვე გვიანი აღმოჩნდა – ოტოუს უკვე მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ცოლისთვის აღარაფერი ეთქვა.
მან ჟურნალისტებთან ისიც აღიარა, რომ ცოლს 20 წელია, რაც არ ელაპარაკება. მაგრამ, ბოლოს პარკში მათ შორის დიალოგი მაინც გაიმართა. ოტოუმ თქვა, რომ ამდენწლიანი დუმილის შემდეგ ცოლთან ძალიან ბევრი სალაპარაკო დაუგროვდა.