„სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა” – რას ამბობს თემურ ქეცბაია კვარას შესახებ

„სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა” – რას ამბობს თემურ ქეცბაია კვარას შესახებ

თემურ ქეცბაია:
💬„სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა. ხვიჩას თამაშის ნახვა ყველას გვინდა – ყოველდღე! მაგრამ სიტუაცია ყოველთვის ობიექტურად უნდა შევაფასოთ – კვარამ არ ითამაშა, სამაგიეროდ, სხვას მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალიან მაგარი შედეგი აჩვენა ქვეჯგუფში, სადაც სამივე მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო. კვარაცხელიას რომ ეთამაშა, შესაძლოა ჩვენს გუნდს სხვანაირი ტაქტიკა და შედეგი ჰქონოდა, იქნებ ვერც გასულიყო ჯგუფიდან და კრიტიკა მერე გენახათ. ამიტომ ვიღაცებისთვის გადაბრალება, რომ ეთამაშათ, აუცილებლად გავიდოდით ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და ოლიმპიადის საგზურიც ჩვენი იქნებოდაო, არასწორი მგონია.
ტურნირის დაწყებამდე ვერც კი ვინატრებდით შედეგს, რაც საბოლოოდ მივიღეთ. მესმის, რომ “მადა ჭამაში მოდის”, მაგრამ ჯობს საბოლოო შედეგით გავიხაროთ და ჯოხს ნუ გადავტეხთ 22 წლის ბიჭზე, რომელზეც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ “მზე და მთვარე ამოგვდიოდა”…
ხვიჩას მთელი კარიერა წინ აქვს და საქართველოს კიდევ ბევრჯერ გაახარებს! გული დაგვწყდა, ჩვენთვის ისტორიულმა ევროპის ჩემპონატმა კვარას გარეშე რომ ჩაიარა, მაგრამ რადგან არ ითამაშა, ყველაფერს ხაზი გადავუსვათო, არასწორია. იმისთვის, რომ მომავალ სეზონში უფრო კარგად ითამაშოს, დაკარგული ენერგიის აღდგენა უნდა შეძლოს.
კვარა თუ იქნებოდა, 15 წუთი კი არა, მთელ თამაშს ითამაშებდა. ქვეჯგუფიდან რომ ვერ გავსულიყავით, არც ატყდებოდა ამხელა აჟიოტაჟი. თუმცა, როგორც არ უნდა მოქცეულიყო, მაინც მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც მის საქციელს/თამაშს გააკრიტიკებდნენ. არადა, შესაძლოა ხვიჩასთან ერთად სულ სხვა შედეგი გვქონოდა. ყველას გვსურდა ახალგაზრდულ ნაკრებში კვარას ნახვა, თვითონაც უნდოდა, მაგრამ გამოვიდა და თქვა მიზეზი, რის გამოც ვერ შეძლებდა თამაშს. ნუ დავივიწყებთ, რომ უპირველესად სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა დღევანდელი საფეხბურთო ბუმი საქართველოში. ამიტომაც შევეშვათ “განტევების ვაცის” ძებნას, მოვრჩეთ ფეხბურთელების ლანძღვას, ვიამაყოთ, ამ დონის ფეხბურთელით და წარმატება ვუსურვოთ ახალ სეზონში”. – განაცხადა ქეცბაიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

სრული ინტერვიუ👇👇

Kvirispalitra.ge

Leave a Comment