ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიურ ტელევიზია CalcioNapoli24-ის პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ფეხბურთელისა და მისი კონტრაქტის გარშემო კითხვებს უპასუხა.
“ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ კონტრაქტით, რასაც ხვიჩამ ხელი 1 წლის წინ მოაწერა და მას მხოლოდ სპორტული მიზნები აქვს: კვლავ მოიგოს სერია ა და ჩემპიონთა ლიგაზე უკეთ გამოვიდეს. პირადად მე, ნაპოლისთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, აურელიო დე ლაურენტისი ბრწყინვალე პიროვნებაა და მან ყველაფერი გააკეთა, რათა ხვიჩას დიდი ფეხბურთი ეთამაშა. აურელიოს შვილთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ამ კლუბთან უკმაყოფილება არ გვქონია და არც მის დატოვებაზე გვიფიქრია, ხვიჩას მეუღლეც სასწავლებლად ნეაპოლში გადმოვიდა. ნეაპოლიტანელი ხალხით, გულშემატკივრებით, კლუბითა და დე ლაურენტისით ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, ხვიჩა აქ თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში. აღვნიშნავ, რომ ჩვენი მხრიდან კონტრაქტის განახლებაზე საუბარი არ დაწყებულა. თუ დე ლაურენტისი გადაწყვეტს, რომ სურს ხელშეკრულების გადახედვა, ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ” – განაცხადა ჯუღელმა.