ამ ემოციების სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია. მთელი ქვეყანა უბედნიერესი იყო და ეს სიხარული დღესაც გრძელდება. ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე ვნახავთ ჩვენს ნაკრებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირას“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ 26 მარტს მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შეფასებისას განაცხადა.
მან მატჩის დროს ქართველი გულშემატკივრების როლზეც ისაუბრა.
„მთელი თამაშის განმავლობაში ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა, მღეროდა, უმღეროდა ჩვენს ბიჭებს მოედანზე. ქომაგები მთელს სტადიონს იყოლიებდნენ. საოცარი მუხტი, საოცარი გარემო იყო და ამისთვის მინდა, ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, მადლობა იმისთვისაც, რომ არასდროს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, მაშინაც კი, როდესაც რთული პერიოდი იყო, წაგებები იყო, იმედგაცრუება იყო. არასდროს! ყოველთვის გვერდით ედგნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ამხნევებდნენ, სჯეროდათ, რწმენა ჰქონდათ და შედეგიც სახეზეა“, – აღნიშნა კალაძემ.
მან ასევე ფეხბურთელთა ისტორიულ გამარჯვებაში მწვრთნელის, ვილი სანიოლის როლზეც ისაუბრა.
„რას ვაფასებ ამ ადამიანში – მისთვის თანხა და ფინანსები არასდროს ყოფილა პირველ ადგილზე, პირიქით. რომ გითხრათ, რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, გაგეცინოთ – 20 ათასია მისი ხელფასი. შეიძლება, ქართველი მწვრთნელი ვერ გვენახა, რომელიც აიღებდა პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას და ამ ხელფასზე იმუშავებდა“, – განაცხადა კალაძემ.
მან წლების განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციაში განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი იყო 2015 წლის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ლევან კობიაშვილი აირჩიეს.
„ფაქტობრივად, იმ დღიდან დაიწყო აგურ-აგურ შენება იმის, რაც გვინდოდა მიგვეღო და ეს არის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, რასაც მივაღწიეთ.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელი, რომელიც ჩამოდის, ფიქრობს მხოლოდ ერთ რამეზე – როგორ კარგად ითამაშოს და გამოავლინოს მისი საუკეთესო შესაძლებლობები მინდორზე. სხვა მას მეტი საფიქრალი არ აქვს. გამართული ინფრასტრუქტურა ხვდება; მოწესრიგებული დასასვენებელი სივრცე. ყველანაირი პირობებია შექმნილი, რათა ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს.
რა ხდებოდა წარსულში? – ჩვენი ფულით ჩამოვდიოდით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რომ გვეთამაშა. ვარჯიშებზე გავდიოდით. გავიხსენოთ 90-იანი წლები, რაიმეს ხომ არ ვიტყუები და ხომ არ ვამატებ?! ჩვენი საკუთარი გუნდის ფორმებით ვთამაშობდით, ერთიანი ფორმა არ ჰქონდა ეროვნულ ნაკრებს“, – აღნიშნა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ დღევანდელი ფეხბურთის წარმატებაში ძალიან დიდი დამსახურება აქვს ასევე ხელისუფლებას.
„ბევრი უკვე ცდილობს, საზოგადოებას ინფორმაცია იმგვარად მიაწოდოს – რა შუაშია, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლება ამ გამარჯვებასთან ან თუნდაც ფეხბურთის ფედერაცია“, – დასძინა კალაძემ.
წყარო : პრაიმტაიმი