1 აგვისტოს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ მესამე მედალი მოიპოვა – ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოევს შეხვდა, სამწუხაროდ დამარცხდა, თუმცა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა შედეგს, რომლითაც დაპირისპირება დასრულდა, ბოლო წუთებამდე, შეხვედრაში უპირატესობა ილია სულამანიძეს ჰქონდა, ბოლო 12 წამში კი ქართველი ძიუდოისტი გაფრთხილებების გამო შეხვედრიდან მოხსნეს.
დაძაბულ ორთაბრძოლაზე, არაერთგვაროვან გამოხმაურებებსა და ილია სულამანიძის ემოციებზე Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა ძიუდოისტის დედამ, მანანა გოჩელაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსაჯის გადაწყვეტილება ამ დროისთვის გასაჩივრებულია:
„შვილის თამაშებს საერთოდ ვერ ვუყურებ. ახლა მით უმეტეს. იმ დღეს ილია, რომ თამაშობდა სალოცავზე მივდიოდი, ფეხი დამიცურდა და ნახევარი დღე საავადმყოფოში გავატარე. საღამოს კიდევ გული გვატკინეს, მაგრამ, არა უშავს, წინ არის ყველაფერი.
ინტერნეტსივრცეს რომ გადახედოთ, იმათ უფრო მატკინეს გული. ყველაფრის წაკითხვას თავი დავანებე. მსაჯის დანაშაული იყო, უნდა მიეცათ იპონი და თამაში დაემთავრებინა. ასე წერენ, ვინც იცის. გასაჩივრებულია და ვნახოთ, რა იქნება…
ძალიან ცოტა ხანი გვესაუბრა [ილია], ვინერვიულეთ ძალიან. ჩემი შვილი ასეთი აღელვებული და განცდებში არ მინახავს. ალბათ ნახავდით ტატამიდან რომ გამოვიდა, რა დღეში იყო. ყველა სიხარული ამ ნერვიულობამ გადაფარა. ილია რომ გვესაუბრა, გვითხრა, არ ინერვიულოთო. არც შევიტყვე მასთან ჩემი ნერვიულობა, ფსიქოლოგიურად უნდა გავაძლიეროთ“, – აღნიშნა მანანა გოჩელაშვილმა Ambebi.ge-სთან ინტერვიუში.