„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ფრანგულმა გრანდმა სოციალურ ქსელებში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც კონტრაქტის დეტალებზეა საუბარი. განცხადებაში კლუბის პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის კომენტარიცაა მოყვანილი და პსჟ-ს პირველი პირი ქართველ ფეხბურთელს აქებს.
„მოხარული ვართ, ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენის ოჯახში შევეგებოთ. ხვიჩა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღმაფრთოვანებელი ფეხბურთელია. ფანტასტიკური ტალანტია და ამავდროულად, არის ფეხბურთელი, რომელიც გამბედაობით გამოირჩევა და გუნდისთვის იბრძვის.
კვარაცხელია ძალიან იყო მოწადინებული, რომ ჩვენი დიადი კლუბის წევრი გამხდარიყო. ვიცი, რომ ჩვენთან ერთად, ყველა მიზანს მიაღწევს. მოხარული ვართ, რომ შემადგენლობა გავაძლიერეთ და ვაგრძელებთ იმას, რომ გუნდი კვლავინდებურად მთავარი ვარსკვლავი იყოს“.