ანტონიო კონტეს „ნაპოლის“ დატოვება და „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Tuttosport-ი წერს.
„ახლა კონტე მხოლოდ პარასკევის მატჩზე ფიქრობს, როდესაც „ნაპოლიმ“ „კალიარის“ უნდა უმასპინძლოს. გამარჯვების შემთხვევაში „პარტენოპეი“ მეოთხეს, ხოლო ანტონიო კონტე მეხუთე სკუდეტოს მოიპოვებს. ამის შემდეგ გამოცდილ სპეციალისტს სურს დაბრუნდეს „იუვენტუსში“, რომელთან ერთადაც 2011-2014 წლებში ზედიზედ სამი ჩემპიონობა იზეიმა.
კონტე მიიჩნევს, რომ ნეაპოლში მისი დრო ამოიწურა, ხოლო კლუბიდან წასვლა მას ჩემპიონის რანგში სურს. მასსა და აურელიო დე ლაურენტისს შორის დაძაბული ურთიერთობა განპირობებულია იანვარში სატრანსფერო ბაზარზე კლუბის პასიურობით, როდესაც კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას სახით გუნდის საკვანძო ელემენტი დაკარგა და მისი შემცვლელი ვერ მიიღო. გარდა ამისა, მხარეებს განსხვავებული მიდგომა აქვთ გრძელვადიან გეგმებთან დაკავშირებით.”
წყარო : Crystalsport