5 ივნისს, ხაშურში დაშავებული ნანა ხიხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი გვიან ღამით რეანიმობილით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
ქალის მდგომარეობის შესახებ Ambebi.ge-სთან ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიქოვანი საუბრობს და ამბობს, რომ ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.
„ჯერჯერობით ველოდებით პასუხებს, გუშინვე გაიგზავნა მასალა ლუგარის ლაბორატორიაში, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია. მართალია სურსათის უვნებლობის სამსახური საკვებზე ცალკე ატარებს ექსპერტიზას, მაგრამ ჩვენ დამატებით ბინიდან პოლიციის მიერ ამოღებულ საკვებსაც ვაგზავნით ახლა ლუგარის ლაბორატორიაში და იქაც მოხდება ექსპერტიზის ჩატარება. ლუგარის პასუხი არაფერი არ მაქვს და ჯერ არ ვიცით, როდის მოვა პასუხები.
გუშინ ჩავიდა კუჭის შიგთავსის მასალა და დამატებით ვაგზავნით საკვებს. გორიდან მიაქვთ ახლა ყველაფერი, რაც იყო სახლიდან ამოღებული პოლიციის მიერ. ლუგარმა გვთხოვა ისიც გამოაგზავნეთ და იმასაც შევამოწმებთო.
პარალელურად ვიცით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც ატარებს ექსპერტიზას სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მიწოდებულ მასალაზე. რაც შეეხება გარდაცვლილი ბავშვის დედას, აქედან ისევ ისე, ინტუბირებული წაიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად“, – ამბობს Ambebi.ge-სთან საუბარში ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიქოვანი.