სასიხარულო ინფორმაცია ეთერ ლიპარტელიანის შესახებ

სასიხარულო ინფორმაცია ეთერ ლიპარტელიანის შესახებ

ეთერ ლიპარტელიანის კარიერაში უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში უამრავი ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა.

25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ პლანეტის პირველობაზე ყველა შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა კი ლიპარტელიანს რეიტინგშიც დაუფასდა, ოთხსაფეხურიანი ნახტომი გააკეთა და 57 კილოგრამ წონით კატეგორიის ლიდერი გახდა.

ეთერის სახით IJF-ის განახლებულ რეიტინგში ქართველებს ერთადერთი ლიდერი დაგვრჩა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, პირველ პოზიციაზე კი ტიმურ არბუზოვმა გადაინაცვლა.

81 კილოგრამის გარდა, სამეულში საქართველოს წარმომადგენელი 90-ში (ლაშა ბექაური მე-2) და მძიმე წონაში (გურამ თუშიშვილი მე-3) ჰყავს. მესამე ადგილზე იყო 100 კილოგრამში ილია სულამანიძე, მაგრამ მეოთხეზე ჩამოქვეითდა. რაც შეეხება 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებს, გიორგი სარდალაშვილი (მე-5), ვაჟა მარგველაშვილი (მე-14) და ლაშა შავდათუაშვილი (მე-12) სამეულს მიღმა არიან.

წყარო : Crystalsport.ge

Leave a Comment