ალენ დელონის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ, ლეგენდარულ მსახიობს უმცროსი შვილი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ალენ-ფაბიენ დელონის მტკიცებით, მამამისი არაპროგნოზირებადი კაცი იყო, რომელიც – სიბერეშიც კი – ბალიშის ქვეშ დატენილი იარაღით იძინებდა. ფაბიენი იმასაც ამბობს, რომ დელონი 14-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ჰოლანდიელ მოდელზე, როზალი ვან ბრიმენზე ფიზიკურად ძალადობდა.
როგორც მსახიობის უმცროსი შვილი იხსენებს, მამამ ის ერთხელ ძაღლებთან ერთად გალიაში გამოკეტა.
ეს დეტალები წიგნში „სამურაის უკანასკნელი დღეები“ გამოაშკარავდა, რომელიც ფრანგი გამომძიებელი ჟურნალისტების, ლორენს პიოსა და ფრანსუა ვინოლის მიერაა დაწერილი.
მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა ეჭვი, რომ ფრანგული კინოს ლეგენდა სინამდვილეში უარყოფითი ადამიანი იყო. დელონი მექალთანის სახელითაც იყო ცნობილი: სხვადასხვა დროს ჰქონდა რომანი ჯეინ ფონდასთან, ბრიჯიტ ბარდოსთან და რომი შნაიდერთან, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული.
1968 წელს ის სკანდალში გაეხვა – მისი ახლო მეგობრის, სტევან მარკოვიჩის ცხედარი პარიზის გარეუბანში, ნაგავსაყრელზე იპოვეს. თეორიის თანახმად, მან დელონის სახლში ორგია მოაწყო და ყველაფერი ფარული კამერით გადაიღო. კადრებში, როგორც ამბობდნენ, საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტის, ჟორჟ პომპიდუს მეუღლე, კლოდი იყო ასახული, ხოლო მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი კორსიკელი კრიმინალური ავტორიტეტი, ფრანსუა მარკანტონი იყო.
წიგნი დელონის იარაღის სიყვარულსაც უსვამს ხაზს. 2024 წლის თებერვალში ჩატარებული რეიდის დროს ჟანდარმებმა 72 ცეცხლსასროლი იარაღი და 3000-ზე მეტი ვაზნა ამოიღეს – ყველა უკანონოდ იყო შენახული. დელონს საწოლში დატენილი იარაღიც კი ედო.
ალენ-ფაბიენმა გაიხსენა 2023 წლის საღამო, როდესაც ის მცველთან ერთად ქაბაბის საყიდლად გავიდა და დაბრუნებისას მამამ იარაღი დაუმიზნა.
ცნობისთვის, ალენ დელონი 2024 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იყო არაერთი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის მიღებული ჰქონდა „სეზარის“ პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ჩვენი ისტორია“, იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები.
წყარო : Ambebi.ge