2020 წლის 30 ივნისს, თბილისში მომხდარმა ფაქტმა საზოგადოება შეძრა – 24 წლის სევა შამოიანს ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაზარალებული ქალი კი დაწვას ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების დახმარებით გადაურჩა.
ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, მას თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, შემდეგ 17 წელი მიუსაჯეს, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ მუხლი გადაუკვალიფიცირა და სასჯელს 5 წელი მოაკლო.
უკვე მესამე წელია, სევა საფრანგეთში ცხოვრობს და რეაბილიტაციის კურსს გადის. თერაპიისა და ახალი ცხოვრების შესახებ ის Ambebi.ge-ს უყვება.
„საფრანგეთში ვცხოვრობ მესამე წელია. დღემდე გავდივარ თერაპიებს, მასაჟებს. სრულყოფილად, როგორც ადრე, ვეღარ ვცხოვრობ, ფეხების გამო. არ შემიძლია დიდხანს სიარული, დიდხანს ჯდომა, წოლა, სულ უნდა ვიცვალო პოზები. ეს ფიზიკური და რაც შეეხება ფსიქოლოგიურ და მორალურ მდგომარეობას, ძალიან რთულად ვარ…
ძალიან დიდი ომი გავიარე. რა თქმა უნდა, ეს ექიმების დამსახურებაც არის, მაგრამ საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, ჯერ კიდევ ვერ დავდიოდი. ჩემი სამსახური იყო ის, რომ საკუთარი თავი ფეხზე უნდა დამეყენებინა. ძალიან გამიჭირდა, დიდი ხანი ვიბრძოდი, ვფიქრობდი, ცხოვრება დამთავრდა. ერთ დღესაც გავახილე თვალები და გადავწყვიტე, რომ უნდა ვცადო. დედა 24 საათი ჩემს გვერდით იყო. მეგობრებიც ძალიან მეხმარებოდნენ, მაკითხავდნენ, მართობდნენ. ფონდი გახსნეს და ფინანსურად დამეხმარნენ. უამრავი ადამიანი მედგა მხარში“, – იხსენებს სევა შამოიანი და ამბობს, რომ დამნაშავისთვის მას მკაცრი სასჯელი უნდოდა.
„არ დაგავიწყდეთ, რომ 5 წელი მოაკლეს [დამნაშავეს], რადგან მოსამართლე შეიცვალა და ამაზე დღემდე იბრძვის ჩემი ადვოკატი. დიახ, ასეთი უსამართლობა მოხდა. მე რა თქმა, მისთვის სასტიკი სასჯელი მინდოდა, ადამიანი ცოცხლად დამწვა. გადის წლები და მგონია, რომ ყველა წელს უფრო შევიმსუბუქებ ტკივილს, მაგრამ პირიქით ხდება. ეგ ადამიანი ბოლოს სასამართლოში ვნახე, მისი ხმა გავიგე, დისტანციურად ერთვებოდა. დარბაზში რომ შევედი, ვკოჭლობდი, ვერ დავდიოდი. ცინიკურად მეუბნებოდა, მოდი, მოდი… შეიძლება სპეციალურად იქცეოდა ასე, რომ შეურაცხადად ეღიარებინათ. ძალიან მიჭირდა საუბარი, აღელვებული ვიყავი. მისი ხმა რომ მესმოდა უფრო ცუდად ვხდებოდი. იცინოდა, მეუბნებოდა, ილაპარაკე, მიდი, მიდი…
მას შემდეგ რაც ცოცხლად დავიწვი, ღმერთის გარდა არავისი აღარ მეშინია. თუმცა ძალიან მიჭირდა საქართველოში ცხოვრება, არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ მე მანდ ვარ და ვიცი, ისიც სადღაც მანდ არის“, – ამბობს სევა შამოიანი Ambebi.ge-სთან ინტერვიუში.