ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის თეკლა გერსამიას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პატიმრობა უკვე შეუფარდა. უმძიმესი დანაშაული თბილისში, საბურთალოზე, 22 აგვისტოს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ცოლმა ქმარი – 22 წლის ლუკა დარასელია, დანით მოკლა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
“კვირის პალიტრა” ესაუბრა მოკლული ბიჭის დეიდას, ირმა ესართიას.
– გაგვამწარა ამ ქალმა და ახლა ცდილობს, ეს დანაშაული აიცილოს. მინდა, მთელმა საზოგადოებამ გაიგოს, ამდენი თვის განმავლობაში ჩვენ რა გამოვიარეთ. ძალიან ძნელია ამ რეალობასთან შეგუება. ლუკა უპატიოსნესი ბიჭი იყო, ქათამსაც რომ არ მოკლავდა, ისეთი. 22 წელი გუშინ შეუსრულდა. თბილისში წავიდა და ეს ქალი რომ გაიცნო, მან პირველივე დღეს წაიყვანა თავის სახლში. უბოროტო, კეთილი ბიჭი იყო ლუკა. არ ვიცით, რა გაუკეთა, სულ სხვანაირი გახდა. არადა სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი იყო….
ბოლო დროს ამ ქალის გარდა არავინ უნდოდა. ეს ქალი გათხოვილი იყო, ჰყავდა შვილი, მისი ქმარი ციხეშია და იქიდან ემუქრებოდა ლუკას მოკვლით. ჩემი და ტიროდა, მოთქვამდა, მეკარგება ჩემი შვილიო. ლუკას მამა მოსკოვში მუშაობდა, იქიდან ჩამოვიდა თბილისში, რომ ეშველა შვილისთვის და მოეშორებინა ამ ქალისთვის, მაგრამ ვერაფერი შევძელით.ჩემი და პოლონეთში მუშაობდა, იქიდან უნდა ჩამოსულიყო, ახლა ხელფასის აღებას ელოდებოდა, რადგან ამ ქალმა ვალები დაადო. ტყუილებს თხზავდა. ლუკას მშობლებს ატყუებდა და ფულს სძალავდა. ეუბნებოდა ლუკა დაიჭირეს და გირაოს თანხა 7000 ლარია გადასახდელიაო. ჩემი და პოლონეთში წვალობდა, იქ ფულს სესხულობდა და ამას უგზავნიდა, ეგონა, მართლა პრობლემები ჰქონდა მის შვილს. პროფესიით იურისტი ვარ და ვუთხარი ჩემს დას, არ გაუგზავნო ფული-მეთქი. მერე დაურეკა ამ ქალმა ჩემს დას – ადვოკატთან მოვილაპარაკე და 4000-მდე ჩამოვიდა გირაოს თანხაო. დაიჯერა და ჩემმა სიძემ გამოუგზავნა ეს ფული.
ძალოვან უწყებებში ნაცნობები მყავს და გავარკვიე, რომ არანაირი საქმე ლუკას წინააღმდეგ არ იყო აღძრული, ეს იყო ტყუილი, არავითარი გირაო მას არ ჰქონდა გადასახდელი. ასე სძალავდა ფულს ჩემს დას და სიძეს. ერთხელ ლუკამ სოფელში, დარჩელში ჩაიყვანა, დედაჩემთან. სახლში მარტო ბებო იყო. ამ სოფელში გაზრდილია ლუკა და ვისაც გინდათ ჰკითხეთ, როგორი იყო. ერთი ღამე დარჩნენ იქ და დედაჩემს რაც კი გაუხსნელი თეთრეული და პირსახოცები ჰქონდა, ყველაფერი მოჰპარა. ყველაფერი დაუკითხავად წაიღო სახლიდან. მათი წასვლიდან მეოთხე დღეს რომ ავიდა დედაჩემი მეორე სართულზე, მაშინ ნახა, რომ კარადებში ნივთები არ იყო. შვილებს გეფიცებით, ეს სიმართლეა…
მისი ქმარი ციხეში ზის და რადგან ის იმუქრებოდა, გვეშინოდა რაიმე არ დაეშავებინა ლუკასთვის. იქიდან ემუქრებოდა მოკვლით. თვეები ვცდილობდით, რომ დაგვეშორებინა, ვერ დავაშორეთ. როგორც ვიცი, ქმარმა, თურმე, ვიღაცები გამოაგზავნა ლუკასთან და გავიგეთ, რომ ეძებდნენ მას. ამის გამოც ვნერვიულობდით. თვითონ ის ქალი ამბობდა, სულ ერთად ვართ და ვერავინ ვერ შეეხება ლუკასო. ერთი წუთით გარეთაც არ გავუშვებო…
ლუკა როგორ გადავიდა მის გვარზე, ესეც არ ვიცით. ეს მკვლელობის შემდეგ გავიგეთ. ვფიქრობ, იმიტომ გამოუცვალა გვარი, რომ უნდოდა ლუკა საზღვარგარეთ წაეყვანა. სულ იქებდა თავს, ლუკას ჩემი სურათი დააქვსო. ჩემმა დამ გააფრთხილა – ჩემს შვილს ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდესო. ჩვენ გვეშინოდა, თეკლას ქმარს რაიმე არ დაეშავებინა ლუკასთვის ან ვინმე არ გამოეგზავნა. ამას ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ქალი მოკლავდა?!რაც მკვლელის დედამ ილაპარაკა, სულ ტყუილია. გამორიცხულია, თვითდაზიანება ყოფილიყო, ეს აბსურდია. თავისი დის სახლში არ უშვებდა, მამიდა ახლოს ცხოვრობს და იქ არ უშვებდა ლუკას მარტო.