თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 19 000 სოციალურად დაუცველ და 4 000-მდე მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტუდენტს უკვე გაეწია ფინანსური მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, განცხადებების მიღება დაიწყება 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 20 დეკემბრის ჩათვლით.