წუხელ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მომხდარ უმძიმეს ავტოავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, გზიდან მდინარეში გადავარდა.
- გარდაცვლილები არიან მზეო უმფრიანი და ლევანი ანსიანი. წყვილს ოთხი შვილი დარჩათ.
“დაუჯერებელი ტრაგედია ტრიალებს, რატომ ასეთი მწარე ბედისწერა? ოთხი პატარა ბავშვი დაობლდა, ყველაზე პატარა 3 წლისაა. ტირის მთელი მესტია. წყალში იყვნენ გადავარდნილი, ლევანი წუხელვე ამოიყვანეს და მზეო ახლახან იპოვეს, ამოიყვანეს ენგურიდან ” – ამბობენ დაღუპულის ახლობლები.
ფაქტმა შეძრა მთელი მესტია. ყველა განიცდის მომხდარ ტრაგედიას და სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით და ემშვიდობებიან წყვილს, რომელიც ყველას უყვარდა.
“ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა. ლევანი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო, მისი მეუღლე მზეო უმფრიანი, ჭუბერის ამბულატორიის ექთანი. ძალიან კარგები, ყველა გაგვანადგურა ამ ამბავმა. გუშინ საღამოს მოხდა ეს დიდი უბედურება. 4 შვილს ზრდიდნენ. 4 ვაჟკაცი ჰყავთ, ყველაზე პატარა სამი წლის არის. მესტიის რაიონი სოფელ ჭუბერისკენ მიმავალ გზაზე, გუშინ საღამოს საათებში მოხდა უბედურება, მანქანა მდინარეში გადავარდა, მდინარე ნენსკრისა და ენგურის შესართავთან. წყალში იყვნენ გადავარდნილები, ლევანი წუხელვე ამოიყვანეს, მზეო ახლახან იპოვეს, ამოიყვანეს ენგურიდან. სანუგეშებელი სიტყვებიც ძნელია ამ დროს მოძებნო ადამიანმა. თანავუგრძნობ მათ ოჯახს და სრულიად მესტიას” – ამბობს ჩვენთან ადგილობრივი.
“ლევანი ძალიან კარგი ადამიანი და კარგი ოჯახის შვილია. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი. ლევანი და მისი მეუღლე მზეო უმფრიანი, დღეს მთელი სვანეთის ტკივილია. მთელი ბავშვობა ერთად ვიზრდებოდით, ერთი სკოლა დავამთავრეთ. ლევანი წარჩინებული მოსწავლე იყო, ყველას უყვარდა და ყველა უყვარდა. მიჭირს და ძალიან მტკივა მათი ასე ტრაგიკულად დაღუპვა.
მთელი ჩვენი კლასის სახელით და ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებ მის საყვარელ მშობლებს, ოთარ ამსიანს და ლალი ჩხვიმიანს, ლევანის და ძმას, მათ შვილებს. ილია, მათე, ოთო, მოსე, ოთხი ვაჟი დატოვეს. არადა რომ არა ეს მწარე ბედისწერა, ბედნიერად უნდა ეცხოვრათ. საოცარი მშობლები და საუკეთესო შვილების მშობლები იყვნენ. მზეო სოფელ ეცერიდან არის. ძალიან დიდი ტკივილია, დღეს ყველა ჭირისუფალია და ყველასთვის მძიმეა ამ რეალობასთან შეგუება” – გვითხრა ლევანის თანაკლასელმა ირა ნარსავიძემ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო : Ambebi.ge