რუსკა ქარქაშაძე საქართველოში პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი სახეა. მან სულ პატარა ასაკში მოახერხა ხალხის სიყვარულის მოპოვება, როცა სერიალში “ხელოვნური სუნთქვა” მელანოს როლი არაჩვეულებრივად შეასრულა.
რუსკა ახლა უკვე დედის ამპლუაშია – ჰყავს ერთი შვილი, ზუკა, რომელიც მისი ცხოვრების მთავარ გმირად იქცა. რუსკა მეუღლესთან ერთად ზრდის შვილს, ჰყავს დამხმარეს, თუმცა თავად აქტიური დედაა და ბავშვის განვითარების ყველა ეტაპს მასთან ერთად გადის.
როგორია რუსკა ქარქაშაძისთვის დედობა და ოჯახური ცხოვრება, ამის შესახებ მან “პრაიმ ტაიმთან” ისაუბრა:
– ახლა ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში მთავარი როლი ჩემს შვილს უჭირავს. ყველაფერს ახლა სწავლობს და მინდა ჩართული ვიყო და აქტიურად მივიღო მონაწილეობა ზუკას განვითარებაში. თუმცა, ამის პარალელურად, ჩემს საქმესაც ვაგრძელებ და ვცდილობ, არ მქონდეს პაუზა. ამ ეტაპზე, ცოტა ნელით ტემპით ვმუშაობ, მაგრამ უფრო აქტიურადაც დავბრუნდები.
როცა დედა ხდები, შენი ცხოვრება მანდედან გამომდინარე მიდის. მანამდე, რა იყო, თითქოს არ გახსოვს. ბევრი მაკლია იდეალურ დედობამდე და ჯერ ვერ ვიტყვი, რომ კარგი დედა ვარ. ბავშვი როგორი იქნება, სწორედ ამით გაირკვევა როგორია დედა. როცა ზუკა დაიბადა, დედაჩემთან ვიყავით, უნდა გავრკვეულიყავი, რა ხდებოდა ჩემს თავს. როცა ორი კვირის გახდა, ჩვენს სახლში დავბრუნდით და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.
– თქვენს წყვილს შორის არის 12 წლიანი ასაკობრივი სხვაობა, რაც ხშირად არის განხილვის ობიექტი სოციალურ ქსელში, რა რეაქცია გაქვს ამაზე?
– ჩემი აზრით, ეს ასაკობრივი სხვაობა კატასტროფული არ არის. პრინციპში, ამას ყველაფერი დადებითი აქვს. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც, ამ 12 წლიან ასაკობრივ სხვაობას, უსვამენ ხაზს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ბევრ რამეს ვსწავლობ ლაშასგან, რაც ერთად ვართ, უფრო განვვითარდი და ალბათ, ეს მისი დამსახურებაა. ჩემი კუთხით, სილაღე და ბავშვურობა შემაქვს ურთიერთობაში.