მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირი) სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა და საერთოდ განიხილავს თუ არა თავის კანდიდატურას, რომ კენჭისყრაზე დადგეს.
„ამ საკითხზე მე არავისთან მისაუბრია“, – მისწერა ნეტგაზეთს მიტროპოლიტმა ისაიამ.
დამაზუსტებელ კითხვაზე კი მოგვწერა, “თუ არავისთან მისაუბრია, როგორ მოვხსნიდი?”.
ერთ-ერთი პირველი, ვინც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ კანდიდატურა მოხსნა, რასაც ის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ტელესახე, გია გაჩეჩილაძე („უცნობი“) იყო. გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მას ერთ-ერთმა სასულიერო პირმა უთხრა, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ თავის კანდიდატურა მოხსნა.
„ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები. დიდი მადლობა მეუფეო, რომ თქვენ არსებობთ და ეს მაგალითი მიეცით ყველას, რა უნდა გააკეთოს სინოდის წევრებმა. ჩუმად გააკეთეთ, მაგრამ ძალიან მაგარი რამე გააკეთეთ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.





