მაღაზიის კონსულტანტი, რომელმაც პატარა უკრაინელი ბიჭი საზამთროს გარეშე უკან გააბრუნა და უთხრა, რომ 1 თვის შემდეგ დაბრუნებულიყო, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მის წინ თავისუფალი სამყაროს ახალი, სრულიად განსხვავებული და ყველასგან გამორჩეული ლიდერი იდგა. დიახ – ეს ბიჭი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო – კაცი, რომელმაც მსოფლიო ღრმა ძილიდან გამოაფხიზლა, მთელი ცივილიზებული სამყარო კომფორტის ზონიდან გამოიყვანა და კაცი, რომელმაც 21-ე საუკუნის გადამწყვეტი ომი უნდა მოიგოს.
„მხოლოდ პრეზიდენტს ქვეყნის შეცვლა არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია სხვებს მაგალითი მისცეს. მინდა ჩემი მაგალითით ხალხს პოლიტიკოსების მიმართ განწყობა და დამოკიდებულება შევუცვალო;
თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია და უკრაინის ღირსებაზეც თითოეული ჩვენგანი ვაგებთ პასუხს;
პრეზიდენტი არ არის ის, ვინც უნდა გააღმერთოთ;
იცით რისი მწამს, დღეს ისე უნდა იცხოვრო, რომ ხვალ არ შეგრცხვეს – აი რა არის ჩემი პრინციპი;
ასეთი თვისება მაქვს, თუ რაღაცისთვის ვიბრძვი უკან არასდროს ვიხევ, შეიძლება წავაგო, მაგრამ გაქცეულს ვერასოდეს მნახავთ, თეთრ დროშას არავის ავუფრიალებ;
თუ პრეზიდენტად ამირჩევენ დარწმუნებული ვარ ჯერ ტალახს მესვრიან, შემდეგ ჩემ მიმართ პატივისცემით განეწყობიან, ბოლოს კი ტირილით გამაცილებენ;
ძვირფასო უკრაინელებო, მთელი ცხოვრება ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ თქვენს სახეზე ღიმილი დამენახა, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ – უკრაინელებმა, არაფერზე იტიროთ!“ – ყველა ეს ფრაზა სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის, კაცს, რომლის თითოეულ ინტერვიუში იგრძნობა მისი პროგრესულობა და აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა პოლიტიკისა, თუ დამოუკიდებლობის მიმართ, კაცი, რომელსაც ყველგან და ყოველთვის ტაშითა და ოვაციებით ხვდებიან.
ბავშვობა და გზა პრეზიდენტობამდე
ყველაფერი კი 1978 წლის 25 იანვარს, უკრაინის ინდუსტრიულ ქალაქ კრივოი როგში დაიწყო, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი დაიბადა. ამ ქალაქში წლების განმავლობაში უკრაინელი ებრაელები ცხოვრობდნენ, მათ შორის: ზელენსკის მშობლები. ბავშვობის ფრაგმენტების გახსენების დროს, ზელენსკი სწორედ კრივოი როგს და მონღოლეთს იხსენებს ხოლმე, სადაც მშობლებთან ერთად, 4 წლის განმავლობაში ცხოვრება მოუწია.
„მონღოლეთში გატარებული წლები უცნაურად მახსენდება, ჯერ კიდევ ბინდი იყო, როცა ვიღვიძებდი და მაღაზიაში პურზე გავდიოდი, ყველა მაღაზია ერთმანეთს ჰგავდა, მივდიოდი, გზა და გზა მათენდებოდა, თოვდა. ამის შემდეგ უკვე უკრაინა მახსენდება და საზამთროს რიგი, სადაც მოთქმით ვიტირე იმიტომ, რომ უკანასკნელი საზამთრო, რომლის ლოდინშიც საათები გავატარეთ მე და დედამ, ჩემ თვალწინ გაიყიდა. დედას უთხრეს, 1 თვეში გვექნებაო და უკან გამოგვაბრუნეს“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პირველ პირს, სხვათა შორის, იმ ქალაქშიც უცხოვრია, რომლის ბოროტ მბრძანებელთან დღეს ხელჩართულ ომშია: „მოსკოვშიც მიცხოვრია და იცით რატომ არ მიყვარს, სადაც არ უნდა დააკაკუნო კარს არსად გიღებენ, ჩაკეტილები არიან. მე კი პატარა, მყუდრო და თბილი პროვინციები მიყვარს, სადაც გახსნილი და ლაღი ხალხი ცხოვრობს. სწორედ ასეთია კრივოი როგი, სადაც ყოველთვის სიხარულით მხვდებიან, განა იმიტომ რომ ცნობილი ვარ, უბრალოდ. ასეთები არიან და სულ ასეთები იყვნენ. ეს ქალაქი ჩემი სული და გულია“.
როგორც ჩანს, კრივოი როგი მართლაც მთავარი ქალაქი იყო მომავალი პრეზიდენტისთვის – სწორედ ამ ქალაქის ქუჩებში სეირნობდა, დედასთან ერთად, ხშირად პატარა ბიჭი და უკრაინის უკეთეს მომავალზე ოცნებობდა.
პირველი მიზანი, რომელსაც ვოლოდიმირმა მშობლიურ ქალაქში მიაღწია, კრივოი როგის იუმორისტული დასი იყო. ის მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა და სახელი საკუთარი უბნის, 95-ე კვარტლის მიხედვით დაარქვა. ამის შემდეგ „კვარტალი 95“ იყო ყველგან, სადაც ზელენსკი ჩნდებოდა. ეს სახელი მომავალი პრეზიდენტისთვის წარმატების ფორმულად იქცა. იუმორისტული დასით ზელენსკიმ პოპულარობას მთელ უკრაინაში მიაღწია და შემდეგ უკვე, საპროდიუსერო კომპანია დაარსა, რომელსაც ასევე „კვარტალი 95“ დაარქვა. მიუხედავად იურისტის დიპლომისა, ზელენსკიმ ცხოვრების აბსოლუტურად სხვა გზა აირჩია და ადამიანების გაღიმება თავის მთავარ მისიად აქცია.
უკრაინის მომავალმა პრეზიდენტმა წლების განმავლობაში არაერთი პროექტი მოიგო, ითამაშა არაერთ ფილმში, თუმცა პრეზიდენტობისკენ მიმავალ გზაზე, გადამწყვეტი მაინც სერიალი – „ხალხის მსახური“ აღმოჩნდა, სადაც ზელენსკიმ სწორედ პრეზიდენტის როლი მოირგო და შემთხვევით, ერთი ჩვეულებრივი სკოლის ისტორიის მასწავლებელი უკრაინის პრეზიდენტი გახდა. სერიალში, პრეზიდენტის რანგში გატარებული რეფორმების შემდეგ, უკრაინაში სულ უფრო აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ზელენსკისგან ნამდვილად კარგი პრეზიდენტი გამოვიდოდა და ეს ასეც მოხდა… 2018 წლის 31 დეკემბერს, ზელენსკიმ ახალი წლის ღამეს უკრაინელებს ახარა, რომ მათი საყვარელი სერიალი მალე რეალობად გადაიქცეოდა და მათი ფავორიტი პერსონაჟი ვასილი პეტროვიჩი, პრეზიდენტობას რეალურ ცხოვრებაშიც ცდიდა. ასეც მოხდა, მან არჩევნები დამაჯერებელი გამარჯვებით მოიგო, 2019 წლის 20 მაისს, კიევის დროით დილის 9 საათზე, საპრეზიდენტო ფიცი დადო და ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში მყოფი უკრაინა ჩაიბარა… ზელენსკის მმართველობის პირველივე წლებში, ხალხი ცვლილებებს გრძნობდა, ახალგაზრდები სამშობლოში ბრუნდებოდნენ, კორუფცია მცირდებოდა, სისტემური რეფორმები იწყებოდა, თუმცა…. ამასობაში, პუტინი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთვის ემზადებოდა….
პირველი სიყვარული
„მგონი მაშინვე შემიყვარდა, უზომოდ, უგონოდ და უპირობოდ. ზოგადად, ადამიანს ყველაზე მეტად მაინც თავისი თავი უყვარს, ამიტომ, ჩემს სიყვარულს ასე ვხსნი – ოლენას გარეშე ისე ვარ, როგორც ხელების გარეშე ვიქნებოდი. როცა ჩემ გვერდით არ არის, მგონია, რომ ყველა სუპერძალას ვკარგავ. ერთმანეთს არაფერში ვზღუდავთ – ჩვენი სიყვარული თავისუფლებაა, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე. ამას ორივენი განსაკუთრებულად ვაფასებთ და ვუფრთხილდებით“, – ასე ახასიათებს უკრაინის გმირი პრეზიდენტი და დღეს, მსოფლიოს ნომერ პირველი, ყველაზე სასურველი მამაკაცი თავის მეორე ნახევარს. როგორც ამბობენ, ოლენა ვოლოდიმირის პარალელურ კლასელი იყო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ შენობაში სწავლობდნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ და მათი ურთიერთობა მხოლოდ სკოლის გამოსაშვებ წვეულებაზე დაიწყო. ამბობენ იმასაც, რომ იმ საღამოს ზელენსკიმ ერთი ნახვით სიყვარული ისწავლა.