მას შემდეგ, რაც თბილისში ახალი მიკროავტობუსები შემოვიდა, ახალი ხაზები დაინიშნა და მგზავრობის საფასურიც შეიცვალა, სიახლეებს დადებითთან ერთად გარკვეული დისკომფორტიც მოჰყვა, რაზეც ჩვენი მკითხველები გვწერენ ხოლმე. მაგალითად, ის, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ სოციალური და სხვა ტიპის შეღავათები, 1 ლარის გადახდა უწევთ და იმის გამო, რომ დიდი მანძილი აქვთ გასავლელი ან საცობებისა და სხვა მიზეზების გამო მეორე და მესამე ტრანსპორტს დიდხანს ელოდებიან, საათ-ნახევარში ვერ ასწრებენ ერთი მიმართულებით მანძილის დაფარვას და ხშირად 2 ლარად უწევთ თითო გზაზე მგზავრობა, რაც უკვე სერიოზულითანხაა ბევრისთვის, განსაკუთრებით დღეს, როცა ყველაფერი გაძვირებულია და ადამიანები ნებისმიერ თეთრს ზოგავენ საჭმლის საყიდლად. გთავაზობთ რამდენიმე მკითხველის კომენტარს:
- “მართლა შეუძლებელია ახალ სისტემასთან მორგება. მართალია, ტრანსპორტი დაემატა და თითქოს ყველა მიმართულებით მიდის, მაგრამ ორი-სამი ტრანსპორტის გამოცვლა გიწევს გარეუბნიდან ქალაქის რომელიმე წერტილში მისასვლელად. ერთიდან მეორეში ან მესამეში გადაჯდომას კი ხშირად საათ-ნახევარში ვერ ახერხებ, იმდენად დიდია მოცდის დრო ან საცობებში გიწევს ყურყუტი. საბოლოოდ რამდენჯერ სამსახურში წასვლა-წამოსვლა 2 ლარის ნაცვლა 4 ლარი მიჯდება და სრულიად წამროუდგენელი თანხაა ეს ჩემთვის, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, რომელიც წელებზე ფეხს იდგამს, რომ იარსებოს მართლაც, ამ გაძვირებულ ყოფაში”.
- “იცით რა მაინტერესებს, ჩემ გარშემო უამრავ ადამიანს აქვს სოციალური ბარათები – სოციალურად დაუცველის, მასწავლებლის, მოსწავლის, პენსიონერის და ა.შ. ანუ მე ვიხდი 1 ლარს და უამრავი სხვა – 10-20 თეთრს. ამ ქვეყანაში მე, ანუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელსაც არაფერში არ აქვს არანაირი შეღავათი, არც გადასახადებში არც ბავშვების წრეებზე ტარებაში და არაფერში დედამიწის ზურგზე, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ, ვირივით ვმუშაობ დღე და ღამ და “ჩვეულებრივი” მუშაკი ვარ, ხომ მიძვირებენ მგზავრობას 1 ლარამდე? კიდევ იმაზე მედავებიან კონტროლიორები, რომ აუცილებლად ასვლისას უნდა დავაფიქსირო ბარათი. რატომ? როცა ის ერთი გზა ხანდახან გაცილებით ძვირი მიჯდება, ვიდრე ლარი, რადგან დროში ვერ ვეტევი, არ მაქვს უფლება, ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დავაფიქსირო ბარათი, რომ ცოტათი გადავწიო დრო და რამენაირად მოვახერხო, ერთ გზაზე 1 ლარში ჩავტიო მგზავრობა? მე და ჩემნაირ მოქალაქეებს, რომლების ხარჯზეც დგას ეს ქვეყანა, ამის უფლებაც კი არ გვაქვს, რომ უფასოდ ან შეღავათით კი არ ვიმგზავროთ, უბრალოდ, ცოტა მოგვიანებით გადავიხადოთ? საერთოდ რამის უფლება გვაქვს ამ ქვეყანაში? თუ მხოლოდ ფულის მანქანებად აღგვიქვამს ხელისუფლება?”
- “აღარ შემიძლია ასე ცხოვრება, ყველაფერზე ვზოგავ, ფაქტობრივად, საჭმელს აღარ ვჭამ, რომ ბავშვებს გამოვუზოგო. სამსახურში ისე გავაკეთე, რომ კვირაში ორჯერ ვიარო, დანარჩენს ონლაინ ვაკეთებ, რომ რამენაირად გზის ფული დავზოგო და ნერვებიც, ისეთი საშინელებაა ორი-სამი ტრანსპორტის ლოგინი ნახევარი დღის განმავლობაში. თვიდან თვემდე კი არა, ორ კვირაში აღარ მაქვს ხელფასი, ისეთი გაძვირებულია ყველაფერი და უკვე იმას ვფიქრობ, სხვებივით ავიყარო და გადავსახლდე ამ ქვეყნიდან”.
გადავწყვიტეთ, სატრანსპორტო კომპანიაში დაგვერეკა, გადაგვეცა საზოგადოების უკმაყოფილება და რამდენიმე გამოთქმულ პრეტენზიაზეც გვეკითხა აზრი. მაგალითად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგიერთი მგზავრი ავტობუსში ასვლისას ბილეთს მაშინვე არ იღებს და ფიქრობს, რომ მთავარია, უბილეთოდ არ ჩავიდეს და დროს არ აქვს მნიშვნელობა, როდის დააფიქსირებს. თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში თანხის ერთხელ გადახდის შემთხვევაში, საათ-ნახევარი უფასოდ შეგიძლიათ გადაადგილება. ბევრი ადამიანისათვის სწორედ ეს ლიმიტია მიზეზი, რის გამოც ავტობუსში ასვლისთანავე ბილეთს არ აფიქსირებენ, რომ უფასოდ გადაადგილებისთვის დრო დაეზოგოთ. ამის გამო მგზავრებსა და კონტროლიორებს შორის არაერთხელ მომხდარა კონფლიქტი და რამდენიმე მკითხველმა ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენც მოგვმართა. აქვს თუ არა კონტროლიორს უფლება, მგზავრს ასვლისთანავე მოსთხოვოს ბილეთის აღება, საკითხზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დავუკავშირდით:
“როდესაც მგზავრი ავტობუსში ავა, ბილეთი ასვლისთანავე უნდა დააფიქსიროს და თანხა გადაიხადოს. მგზავრმა ეს კონტროლიორის მოთხოვნისთანავე უნდა გააკეთოს. მომდევნო გაჩერებაზე შეიძლება შემოწმებაზე ამოვიდნენ და დააჯარიმებენ და მერე აღარ ააღებინებენ. ეს მერიის დადგენილებაშია მითითებული და თუკი მგზავრი ასვლისთანავე ბილეთის დაფიქსირებას ვერ ახერხებს, ბევრი მგზავრია ან გადაადგილება უჭირს, მაშინ სხვა ადამიანებს სთხოვოს დახმარება”, – გვითრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში, ჯარიმა 20 ლარს შეადგენს და მოქალაქეს 30 დღე აქვს, რომ დაფაროს. თუკი ერთი თვის ვადაში არ გადაიხდის, საურავი, 40 ლარის ოდენობით დაერიცხება და ჯამში, 60 ლარის გადახდა მოუწევს.
წყარო : Mshoblebi.ge