HMPV-ი ვირუსთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

HMPV-ი ვირუსთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ქვეყანაში ბოლო კვირის მონაცემებით გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვიანობა და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების წილი საერთო ჰოსპიტალიზაციაში სეზონური არაეპიდემიური მაჩვენებლების ფარგლებშია. გრიპის, განსაკუთრებით A H1p წილი გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობაში ბოლო ოთხი კვირაა, მატულობს, რაც დეკემბრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ცენტრში აცხადებენ, ასევე, ცირკულირებს გრიპის სხვა ტიპისა და პარაგრიპის, რინო, ადენო, რესპირაციულ სინციტიური ვირუსი და სხვა გამომწვევები.

„მათი გავრცელება ტიპურია მიმდინარე სეზონისთვის. ჩინეთში დაფიქსირდა გრიპის და სხვადასხვა რესპირაციული ინფექციის (მ.შ. HMPV-ით გამოწვეული) შემთხვევების ზრდა, რის გამოც ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჯანმოს ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში აღწერილია HMPV-ით ავადობის უმნიშვნელო მატება. HMPV (ადამიანის მეტაპნევმოვირუსი) რესპირაციული ვირუსია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადება ყველა ასაკის ადამიანში, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, ხანდაზმულებში და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში. დამახასიათებელი სიმპტომებია: ხველა, ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება/შეშუპება და დაღლილობა. დაავადების ინკუბაციის პერიოდი 3-დან 6 დღემდეა. შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება, იშვიათად ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულება, მაგ.: ბრონქიტი და პნევმონია, განსაკუთრებით, ჩვილებში, ხანდაზმულებში ან სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში.

ვირუსი თავდაპირველად დაფიქსირდა 2001 წელს. HMPV მიეკუთვნება Pneumoviridae-ს ჯგუფს. მოლეკულური დიაგნოსტიკური ტესტირების ფართო გამოყენებამ შესაძლებელი გახაადა HMPV-ის, როგორც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის გამომწვევი ვირუსის იდენტიფიკაცია. HMPV ვირუსი, დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელზე ვრცელდება რესპირაციული სეკრეტებით – ხველის და ცემინების დროს, დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით და ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, ხანდაზმულები, იმუნოდეფიციტის მქონე პირები. საყურადღებო სიმპტომებია – მუდმივი ცხელება, ლეთარგია ან სუნთქვის გაძნელება. სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში რეკომენდებულია სასწრაფოდ მიმართოთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს. HMPV-სთვის არ არსებობს სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ან ვაქცინა. მკურნალობა ძრითადად მოიცავს სიმპტომების მართვას, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა, რადგან გრიპისა და HMPV-ს აქტიური გავრცელების სეზონი თანხვედრაშია და ორივე ვირუსით ერთდროულმა ან ურთიერთთანმიმდევრულმა ინფიცირებამ შესაძლოა დაამძიმოს დაავადების მიმდინარეობა ან გაახანგრძლივოს გამოჯანსაღების პროცესი. HMPV-ს პრევენცია ისეთივეა, როგორც სხვა გრიპისმაგვარი ინფექციების:

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტისშემცველი ხსნარით; მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს რესპირაციული სიმპტომების მქონე ადამიანებთან; დარჩით სახლში, თუ ავად ხართ, რათა თავიდან აიცილოთ ვირუსის გავრცელება; ატარეთ პირბადე ხალხმრავალ ან ცუდად ვენტილირებად სივრცეებში; ხშირად გაანიავეთ შიდა სივრცეები და მოერიდეთ არასაჭირო მჭიდრო კონტაქტს; დაიფარეთ პირი და ცხვირი ხველის და ცემინების დროს; მოერიდეთ ჭურჭლის სხვებთან გაზიარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Comment