ბიზნესმენმა გელამ შვილის, მათე ბარკალაიას ნიშნობა მისთვის განსაკუთრებულ ადგილას – მშობლიურ სოფელში, საკუთარი მშობლებისა და ბებიის საფლავზე აღნიშნა. ამბავი, რომელიც ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, სოციალურ ქსელებსა და მედიაში სწრაფად გავრცელდა.
ბიზნესმენმა ღონისძიების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა: “მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე, 25 წლის შემდეგ“.
ნიშნობის ადგილი და გარემოება უნიკალური იყო. საფლავებამდე მისასვლელი გზა მთლიანად წითელი ხალიჩით იყო დაფარული, ხოლო საფლავები და მათი მიმდებარე ტერიტორია წითელი და შავი ბუშტებითა და სხვა დეკორაციებით იყო მორთული. ბარკალაიას წინაპრების საფლავები კი წითელი და თეთრი ვარდებით იყო შემკული.
ღონისძიების მთავარი ნაწილი ტრადიციული ნიშნობა იყო. ახალგაზრდა წყვილისთვის, მათე ბარკალაიასა და სალომე სალაყაიასთვის, გელა ბარკალაიას საჩუქრები ჰქონდა მომზადებული. მომავალმა მამამთილმა, რძალს ძვირფასი, ოქროს სამკაულები პირადად გაუკეთა. ეს საჩუქრები სპეციალურად მომზადებულ სადგამზე ეწყო და ელეგანტურ ყუთებში იყო მოთავსებული.
“თუ ვინმეს ჩვენი წარმატება გაუხარდებოდა, არიან ეს ადამიანები”, – თქვა ბარკალაიამ და მაყურებელს და ნიშნობის სტუმრებს მშობლებისა და ბებიის საფლავებზე მიანიშნა. მან ასევე დასძინა, რომ მისი ცხოვრება მთლიანად შვილებსა და შვილიშვილებს დაუკავშირა და მომავალ რძალს, სალომეს, უთხრა: “იმედი ხარ ჩემი ხვალინდელი დღისა“.
ნიშნობის ცერემონიალის დასასრულს, სალომე სალაყაიას, მომავალმა მამამთილმა კიდევ ერთი, განსაკუთრებული საჩუქარი გადასცა – ძვირადღირებული, შავი ფერის “პორშე“, რომელიც სპეციალურად მისთვის, წითელ ხალიჩაზე, გიგანტურ თეთრ ყუთში იყო განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ უსაჩუქროდ არც ვაჟი, მათე დაუტოვებია. მამამ მასაც გულზე ოქროს გრეხილი ჩამოკიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია თავად გელა ბარკალაიამ გაავრცელა, მან მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს თემა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არ სურს, მასზე ტელეფონით ისაუბროს.
ნახეთ ფოტოები.






წყარო : Ambebi.ge