მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს, რომელსაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
როგორც პროკურორი ნათია ნოზაძე განმარტავს, ბრალდებულმა 15 წლის ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელებისა და ფეხების გამოყენებით. დაცვის მხარის განცხადებით, ვიბლიანი დანაშაულს აღიარებს, ინანიებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. ადვოკატმა გირაოს შემცირებაც მოითხოვა.
სასამართლოზე ხატია ვიბლიანმა თქვა: „ვიზარებ დანაშაულს და ვინანიებ“. მოსამართლის კითხვაზე, რას საქმიანობს და რა შემოსავალი აქვს, მან განაცხადა, რომ სპორტსმენია და ამ ეტაპზე, სოციალური დახმარების გარდა, შემოსავალი არ აქვს.
გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი მიმდინარე წლის 11 სექტემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. ბრალდებულმა არასრულწლოვანს ჯერ მაღაზიაში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ კი ძალადობა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელა
ცოტა ხნის წინ, დაზარალებული ბავშვის ოჯახის ახლობელმა “ამბები.ge” -ს ოჯახის განცხადება მიაწოდა და მისი გავრცელება გვთხოვა:
“როგორც იცით, ქ. ხატია ვიბლიანს ბრალდება წარედგინა, ოჯახი ითხოვს ხატია ვიბლიანის აღკვეთ ღონისძიებად გამოყენებული იყოს პატიმრობა და არა გირაო, რადგან, ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად, დამნაშავე ცხოვრობს ძალიან ახლოს და ნებისმიერ დროს შეიძლება გადაეყაროს ბავშვს. ასევე საფრთხეშია მთელი საზოგადოება, არავინ იცის, კიდევ ვის გაიმეტებს და უმოწყალოდ სცემს ეს ქალბატონი.
გაოცებას იწვევს ის ფაქტიც რომ, მისი არ დაკავების მიზეზი შეიძლება გახდეს, მისი მცირეწლოვანი ბავშვის მეურვეობა, რომელზეც მან ისევე, როგორც მოზარდზე ფსიქოლოგიურად იძალადა იმ საღამოს და ატირებულ ბავშვს ეს ყველაფერი აყურებინა. ქალს რომელსაც პირველ ბავშვზე დედობა აქვს ჩამორთმეული, თქვენი აზრით მეორეს ნორმალურ პირობებში ზრდის?
ახლა აცხადებს, არ ვიცოდი არასრულწლოვანი რომ იყოო. არადა, მაშინ ხომ ჰქონდა გაცნობიერებული,მოზარდთან რომ ჰქონდა საქმე, როცა მიმართავდა: “ შე, წვინტლიანო, ნაბიჭვარო, მე შენ გასწავლი ჭკუასო”. და თავს ვინ ვის დაესხა ესეც მშვენივრად ჩანს კადრებში, მოწმეებიც ადასტურებენ მაღაზიაში”.