ტრაგედია დატრიალდა 4 ოქტომბერს თბილისში. ისანში, “არქის” კორპუსის ეზოში სამი ადამიანი, დედა, მამა და შვილი გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზი სიმაღლიდან ვარდნა იყო.
- არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სავარაუდოდ, რუსეთის ან უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებსაც კორპუსში ბინა ჰქონდათ ნაქირავები. ადგილობრივები ჰყვებიან, სიმაღლიდან ვარდნისას არცერთ მათგანს არ უყვირია.
ასევე ცნობილი გახდა ის დეტალიც, რომ პოლიციამ გარდაცვლილი კაცის ტანსაცმელში წერილი იპოვა, რომელიც რუსულ ენაზე იყო დაწერილი, შინაარსით: “ჩვენ არ ვართ მორწმუნეები და რაც დაგვემართა, ჩვენი ბრალიაო”.
შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე მოხდა, იმ დროს, როცა მაცხოვრებლების დიდ ნაწილს ეძინა. თუმცა ძირს დაცემის ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ თითქმის ყველამ გაიგო. გარეთ გამოსულებს საშინელი სურათი დახვდათ. მამაკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, პულსი ესინჯებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლისას გარდაიცვალა.
შემზარავი ამბის შესახებ ამის მეტი დეტალი ბოლო ორ დღეში არ გავრცელებულა. სოციალურ ქსელში იწერება უამრავი ვერსია, თუმცა რა მოხდა სინამდვილეში, ამას გამოძიება დაადგენს.
AMBEBI.GE-მ ექსკლუზიურად ჩაწერა ადამიანი, რომელიც ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი მივიდა:
“გვიან ვიძინებ ხოლმე და იმ ღამით, დაახლოებით 3-ის 20 წუთი იქნებოდა, აბსოლუტურ სიჩუმეში ხმაურმა მიიქცია ჩემი ყურადღება, საშინელი ხმა იყო. სამზარეულოს ფანჯარასთან მივედი, ვიფიქრე, ჩვენი კორპუსიდან სამშენებლო მასალას ხომ არ ყრიდნენ (მსგავსი რამ ხშირად ხდება), მაგრამ როდესაც ფანჯრიდან გადავიხედე, სულ სხვა სურათი დამხვდა – “არქის” კორპუსის მაღალი სართულიდან ადამიანის სილუეტის ვარდნა დავინახე, რომ დავაკვირდი, მამაკაცი იყო, ამას მოჰყვა მეორე ადამიანი (ქალი), შემდეგ პარკი დაბოლოს – ბავშვი. მეგონა, რაღაც მეჩვენებოდა, კარგად რომ გამერკვია, ოთახის ფანჯარასთან მივედი და ვხედავ, რომ მეოთხე – პატარა ბავშვი (მოზარდი) ვარდება. არანორმალური სისწრაფით ჩავედი ეზოში, მივედი ცხედრებთან, მეგონა, ცოცხლებს მივუსწრებდი.
მამაკაცს პულსი გავუსინჯე, რომელიც დანარჩენ ცხედრებთან შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა, ისინი ძალიან იყვნენ დაზიანებულნი, სახით ბეტონზე ეყარნენ. კაცს პულსი ჰქონდა, მეგონა მომეჩვენა, რადგან 22-ე სართულიდან გადმოვარდნილი ადამიანი როგორ შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო. ავტეხე ისტერიული ყვირილი, ყვირილზე სამეზობლოს ქვედა სართულებიდან გამოიხედეს.
იქამდე, ვიდრე სასწრაფო და პოლიცია არ მოვიდა, ადგილიდან არ წავსულვარ, შოკში ვიყავი. ბავშვის დაზიანებები არ მინახავს, პირქვე ეგდო. მამაკაცი სასწრაფოს მოსვლამდე ცოცხალი იყო და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ვარდნის დროს ხმა არ გამიგია საერთოდ – არც კივილი, არც ღრიალი, არანაირი ხმა, რაღაც უსულო საგნების გადმოყრას ჰგავდა.
ამან დამაეჭვა, ადამიანებს ყრიდნენ, თუ ნივთებს. ეს პარკიც საეჭვოდ მომეჩვენა. თავიდან სუიციდის ვერსიას განიხილავდნენ, იმასაც, რომ ბავშვი გადმოვარდა და მშობლები გადმოჰყვნენ, მაგრამ პარკი რად უნდოდათ? თან პირველი მამაკაცი გადმოვარდა. მამაკაცის გვამი კორპუსიდან მოშორებით ეგდო… როცა სუიციდს აქვს ადგილი, ადამიანი ნივთებზე აღარ ფიქრობს. ამ ყველაფერზე დაკვირვებით გამიჩნდა ეჭვი, რომ ისინი გადმოყარეს. თავიდან სიმაღლის დადგენა გამიჭირდა, მე-20-ე სართულს ვვარაუდობდი, მაგრამ მერე 22-ე აღმოჩნდა.
როგორც გავიგე, მუხლი გადაკვალიფიცირდა მკვლელობით. პოლიცია როცა მოვიდა, გაირკვა, რომ კარი გარედან იყო დაკეტილი. ეს კორპუსი ისეა დაცული, დიდი ალბათობით, ამის გამკეთებლებს ყველაფერი დასწავლილი და წინასწარ ჰქონდათ გათვლილი. მათი ქვედა სართულის მეზობლები როცა დაჰკითხეს (ინდოელები არიან), თქვეს, რომ ჩხუბის ხმა გაიგონეს და მე ის გამიკვირდა, არავინ 112-ში რომ არ დარეკა. მერე ეს ჩხუბი ჩაწყნარებულა. სხვათა შორის, ქალს ხელებზე ჰქონდა ჭრილობები, ნაიარევები და მკერდიდან წელამდე გვერდი გამოღებული ჰქონდა, არ ვიცი, ეს ვარდნამ გამოიწვია, თუ მანამდე დააზიანეს. გამოძიებამ რუსულ ენაზე დაწერილი წერილიც აღმოაჩინა, სადაც ეწერა: ჩვენ არ ვართ მორწმუნეები და რაც დაგვემართა, ჩვენი ბრალია. ნანახით დღემდე შოკში ვარ“, – გვეუბნება თვითმხილველი.
შსს-ში თავდაპირველად განაცხადეს, რომ “მომხდართან დაკავშირებით სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით დაიწყო გამოძიება”. დამატებითი კომენტარი უწყებაში ამ დრომდე არ კეთდება. ასევე არ არის ცნობილი, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება აღნიშნულ საქმეზე.
წყარო : Ambebi.ge