საბავშვო მუსიკალურ პროექტს „რანინა“ ჩვენს ქვეყანაში ბევრი მაყურებელი ჰყავს – პატარა ნიჭიერი მომღერლების მოსმენა მართლაც ერთი დიდი დღესასწაულია. მით უფრო, რომ სეზონიდან-სეზონამდე მაყურებელს დაუჯერებლად ნიჭიერი, მუსიკალური და საოცარი ბავშვების ხილვის შესაძლებლობა აქვთ.
პროექტში რომ ყველა ბავშვი გამორჩეულია, ამაზე არავინ დავობს. ჩვენ ვეცდებით, ყველა მათგანი გაგაცნოთ. ამჯერად კი ანიტა აბგარიანის შესახებ მოგყვებით.

“რანინა” – ანიტა აბგარიანი
ანიტა აბგარიანი 10 წლისაა და ბათუმში ცხოვრობს. პატარა მომრერალს ბევრი ჰობია აქვს, თუმცა არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ განსაკუთრებით უყვარს ცურვა: “როცა წყალში ვარ, თავს თევზივით ვგრძნობ”, – ამბობს ანიტა.
ამის გარდა, ანიტა თავისუფალ დროს დაკავებულია ხატვით, ძერწვით, ქსოვით… ძალიან უყვარს ბათუმის ბულვარში სეირნობაც.
თავად ამბობს, რომ არის მეგობრული, ზოგჯერ კი ჯიუტი და ცელქიც ხდება: “ცელქი იმიტომ ვარ, რომ სახლში სულ ყირაზე გადავდივარ – ვმღერი, ვცეკვავ…”

მიხვდებოდით, რომ ანიტა განსაკუთრებით ენერგიული გოგონაა და, აღარ გაგიკვირდებათ, რა პასუხს სცემს ის კითხვას, თუ რისი კეთება არ უყვარს:
“მაძალებენ ხოლმე, რომ ადრე დავიძინო, მე არ მიყვარს ადრე დაძინება”, – ამბობს ანიტა.
მიუხედავად იმისა, რომ ანიტა აბგარიანი 10 წლის ასაკში ასე მღერის, საბოლოო პროფესია ჯერ მაინც არ აურჩევია. ის ხელოვნების სფეროთია გატაცებული და სურს, რომ სამომავლოდ მომღერალი, მხატვარი ან მსახიობი გახდეს.
ანიტა აბგარიანის მიერ მათე მარტიაშვილთან ერთად “რანინას” სცენაზე შესრულებულმა სიმღერამ “აქედანა და შენამდე” ყველა რეკორდი მოხსნა – ვიდეოს 24 ათასი მოწონება, 3 ათასამდე გაზიარება და უამრავი კომენტარი აქვს:
“ღმერთო, ასე მგონია, ასეთი ხმები მსოფლიოში მხოლოდ ქართველებს აქვთ. სულიდან წამოსული გოდებასავითაა, რომ გაგივლის ხანჯალივით ყველა უჯრედში. ღმერთო, ნუ მოგვიშლი ამ სულს და ამ ხმებს. ბავშვებო, სასწაულები ხართ, სიტყვები ზედმეტია. თქვენი ხმები სულ უნდა ისმოდეს საქართველოში”.
“ასეთი რამ არსად და არასდროს მომისმენია… ეს არის საოცრება, ცრემლი რომ გახრჩობს, ჟრუანტელი რომ გივლის…”
“ეს ხომ უტყუარია…ასეთი ღირებული მუსიკით, ასეთი გრძნობა რომ ჩამოუყალიბდება აღსაზრდელს, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ადამიანურები გაიზრდებიან, რა სულისა და ხორცის მატარებელნი იქნებიან… გასამრავლებელნი!.. მადლი მათ მშობლებსა და მასწავლებლებს,მათ თაობებს!..”
“უნიჭიერესი თაობა! ასეთი მომენტები შეგვახსენებს, რომ საქართველოს ძალა ყოველთვის იყო სულიერებაში — ხმის, ლოცვის, სიტყვისა და სიმღერის მეშვეობით. “რანინას” თაობა თითქოს ამ ძველ სინათლეს თანამედროვე ენით ატარებს — წრფელი სული, ღვთის მადლი და სამშობლოს სიყვარული ერთიანდება მათ ხმაში”.
ანიტასა და მატეს მართლაც გამაოგნებელი შესრულების ქვეშ მსგავს ათასობით კომენტარს შეხვდებით.
წყარო : Marao.ge