აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს და მასთან დაკავშირებულ პირად ისტორიას იხსენებს.
ამერიკაში მცხოვრები მწერალი, მძიმე პერიოდზე საუბრობს და წერს, რომ როდესაც ორი თვის ჩვილით ხელში უსახლკაროდ დარჩა და მის გვერდით არავინ არ იყო, მისი ერთადერთი ნუგეში პატრიარქი იყო.
„ყველაზე მეტად როცა მიჭირდა სწორედ მაშინ ჩემს გვერდით არ იყო დედა, არ იყო მამა, არ იყო ძმა, არ იყო ქმარი, არ იყო მეგობარი, არ იყო ნათესავი, არ იყო ახლობელი, იყო პატრიარქი.მახსოვს ორი თვის ბავშვით მივადექი საპატრიარქოს კარებს. დაცვას ვუთხარი რომ პატარა ირაკლი შიოლაშვილის დედას, დიდი ირაკლი შიოლაშვილის ნახვა მინდოდა. ეგრევე შემიშვეს. მშივრები ვიყავით მე და ბავშვი. მე დარდისგან ვტიროდი, პატარა ირაკლი შიმშილის გამო. უჭმელობის გამო მკერდში რძე არ მედგა და ბავშვი ტიროდა. ეს ის პერიოდია, როცა თან რუსეთი ქვეყანას ბომბავს და მე ჩემი ყოფილი დედამთილი მბომბავს. რუსეთმა ქართველები გამოყარა საკუთარი სოფლებიდან, მე ყოფილმა დედამთილმა გამომაგდო სახლიდან. ანუ მე და ჩემს ქვეყანას ერთდროულად გვიჭირს. პატრიარქი ძალიან დაკავებულია, სად სცალია ვინმეს შესახვედრად.სწორედ ამ დროს დედაოებმა ტრაპეზზე დამაპურეს. ღმერთმა აცხონოს მისი სული დედა ათანასიამ და დედა ალექსანდრა, რომელიც ცოცხალია და კარგად არის, შვილივით მიმიღეს. პატრიარქი მათ სტეშა და დოკის ეძახდა. დედა ანასტასიამ კი საჭმელებით მოგვამარაგა. ქალბატონმა შორენამ თავისი ტანსაცმელ გამოიტანა, ერთი ტანის ვართ და გქონდესო.დამაპურეს, ბავშვსაც ძუძუ მოვაწოვე, ტირილი შეწყვიტა და პატრიარქთან შემიყვანეს. პირველად ვნახე მაშინ მისი უწმინდესობა. ეგრევე მუხლებზე დავემხე და ტირილი დავიწყე. თავზე ხელი გადამისვა, დამლოცა, მომეფერა. ეს რა ლამაზი წითელი ფერის თმები გაქვსო, აღნიშნა.ვუთხარი რომ დედამთილმა სახლიდან გამომაგდო და არსად წასასვლელი არ მქონდა.იმ ღამესვე დაიბარა საპატრიარქოში ჩემი ყოფილი ქმარი, დედამთილი და მამამთილი. სანამ მოვიდოდნენ, მუხლებზე დამხობილი ღვთისმშობელს ვთხოვდი რომ სახლში წავეყვანეთ, მე და პატარა იკა.გვიან მოვიდნენ. პატრიარქმა კურთხევა მოგვცა შერიგებაზე. 20 წლის თავად ბავშვი, ორი თვის ბავშვით ვიყავი მარტო. მაშინ ჩემთვის პატრიარქს რომ ეთქვა მტკვარში გადახტიო, გადავხტებოდი. მათ კი არც მოუსმინეს უწმინდესს. ისე გაიხურეს კარები, არ წაგვიყვანეს მე და ბავშვი.პატრიარქმა ქალბატონ მანანა შარაშიძეს დაურეკა და სთხოვა ჩემთვის და ირაკლისთვის მიეხედა. დატრიალდა ქალბატონი მანანა და ასე აღმოვჩნდით უცხო ქალბატონის სახლში, სულიკო ბებოსთან მე და ირაკლი. იქ გვიქირავეს ბინა. ყოველ კვირა დილას სანამ უწმინდესი სამებაში წავიდოდა წირვაზე, მე და ირაკლი მას საპატრიარქოს კარებთან ველოდებოდით და პირველებს ჩვენ გვლოცავდა. ასე დავმეგობრდით მე პატარა ირაკლი შიოლაშვილის დედა და დიდი ირაკლი შიოლაშვილი.მინდა ღმერთმა დიდხანს და კარგად ამყოფოს. ის ჩემი დიდი მეგობარია.მალე გამოჯანმრთელდეს, ჩემი და ჩემი შვილის პირადი ანგელოზი“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.




