თელავის რაიონულმა სასამართლომ 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე გამხვეტელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
“მკვლელობას გამართლება არ აქვს. არც არაფერს ვითხოვ, ან რა უნდა ვთქვა. სასამართლოდან წასვლის შემდეგ, რაც გამათავისუფლეს, მარი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ თუ მივატოვებდი თავს მოიკლავდა. იმ დღესაც ჩემი ნივთების წამოსაღებად მივედი. მარისთან რომ მივედი, მეუბნება, სანამ წახვალ, ჩვენი დაშორების დავლიოთო. მეთქი, კარგი დავლიოთ. უცბად იქ თავისი დაქალი აღმოჩნდა. მივხვდი, მე რომ შემაკავებელი მქონდა, ესენი ჩემს დაჭერას აპირებდნენ. მანამდეც მითხრა, მოგიტყუე იმიტომ, რომ დაჭერა მინდოდაო. ვკითხე, ამას იმიტომ აკეთებ, რომ შენთან ვიყოთქო? დაჟინებული სურვილი, რომ მასთან ვყოფილიყავი ვერ გადავათქმევინე. მინდოდა მომეშორებინა თავიდან.
სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ბავშვები დაქალმა გაიყვანა სახლიდან, ეს ბავშვი თურმე ბებიასთან ასულა და უთქვამს ჩვენზე, ჩხუბობენო. მანამდე დაქალი რომ გავიდა, ვეუბნებოდი მეც წავალო, ხელზე მექაჩებოდა, რომ ვერსად ვერ წახვალო, დაგიჭერენო. ნასვამი ვიყავი, ვეუბნებოდი შემეშვითქო. იმდენად გამომიწვია და გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე და ვნანობ, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. საერთოდ ყველაფერს ვნანობ. ეგეც რომ გავიცანი, იმასაც ვნანობ. ჩემი მეუღლე არ იყო, უბრალოდ ერთად ვცხოვრობდით”, – ამბობს თორნიკე გამხვეტელაშვილი.