„თუ არასრულწლოვნების მამას შეურაცხადობა დაუდგინდა, რაც ამ ბოლო დროს ერთგვარ ტენდენციად იქცა, როცა ფემიციდის საქმეებზე ძირითადად შეურაცხადობა დგინდება, ეს ძალიან ცუდი იქნება მათთვის – ასეთ შემთხვევაში, ვერც სახელმწიფოსგან მიიღებენ კომპენსაციას, ვერც მამისგან, რადგან შეურაცხადია და ბავშვები ჰაერში რჩებიან“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ სოფელ ბოდბეში, ქმრის მიერ მოკლული ქალის, მარიამ აბაზაძის არასრულწლოვანი შვილების ადვოკატმა, ელისო რუხაძემ განუცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ ექსპერტი და ადვოკატი, მომხდარის შესახებ დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ მარიამ აბაზაძე 2 თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, დღეს, 23 ნოემბერს, დილის 4 საათზე კი გარდაიცვალა.
„შემთხვევა ძალიან მძიმეა. გასროლის შედეგად, ტვინის ფრაგმენტები ძირს იყო და შესაბამისად, გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად მინიმალური იყო. გარდაცვლილის მეუღლე დაკავებულია, თუმცა, განიხილება მისი ფსიქიკურად შერაცხადობის საკითხი. არის კონკრეტული ისტორიები, რომლებიც მიანიშნებს, რომ ეს კაცი შესაძლოა ფსიქიკურად არ იყოს ჯანმრთელი.
ზოგადად, ასეა: ასეთი მძიმე დანაშაულის დროს ხდება წინარე ისტორიის შესწავლა; პირის ფსიქიკის შესწავლა, ასევე ნათესავების გამოკითხვა, ხომ არ იყო იქამდე რაიმე ძალადობრივი ქმედებები ჩადენილი და ა.შ, ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ასეთი კითხვის ნიშნები ყოველთვის არსებობს.
ჩვენმა ორგანიზაციამ ამ საქმეში ძალიან ბევრი რამ გააკეთა: ჩვენი ჩართვის მომენტისთვის, გარდაცვლილის ბავშვები დაზარალებულად არ იყვნენ ცნობილნი, არ დადიოდნენ სკოლაში, ბავშვებთან არ მუშაობდა ფსიქოლოგი. ამ ეტაპზე, პროცესში ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ და მისი ფსიქოლოგები არიან ჩართულნი.
უფროსმა ბავშვმა, რომელიც 10 წლისაა, დედის გარდაცვალება ძალიან მძიმედ განიცადა. მეორე შვილი 6 წლისაა, ფსიქოლოგების დაკვირვებით, ორივეს დაუდგინდა ტანჯვა, ასევე ჩვენი მხრიდან ჩართვის შემდეგ, გამოვლინდა მამის მხრიდან ძალადობის ფაქტებიც, არიან დაზარალებულად ცნობილები.
თუ არასრულწლოვნების მამას შეურაცხადობა დაუდგინდა, რაც ამ ბოლო დროს ერთგვარ ტენდენციად იქცა, როცა ფემიციდის საქმეებზე ძირითადად შეურაცხადობა დგინდება, ეს ძალიან ცუდი იქნება ბავშვებისთვის, რადგან მამას კომპენსაციას ვერ მოსთხოვენ.
წარმოიდგინეთ: დედა გარდაიცვალა, მამა შეურაცხადია და ფსიქიატრიულში განათავსებენ, სადაც 1-იდან 4 წლამდე მკურნალობა უნდა გაიაროს, [ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, თუმცა დაახლოებით პრაქტიკა ასეთია] და ამ დროს, ყველაზე ცუდი შედეგი ბავშვებისთვის დგება: ვერც სახელმწიფოსგან იღებენ კომპენსაციას, ვერც მამისგან, რადგან შეურაცხადია და ასეთ ადამიანს კანონი კომპენსაციას ვერ სთხოვს, ბავშვები ჰაერში კი რჩებიან.
სავარაუდოდ, დედის გარდაცვალების პენსია დაენიშნებათ, რაც ვიცით, რომ ჩვენს სახელმწიფოში ძალიან მცირეა. დავას აუცილებლად გავაგრძელებთ.“– განუცხადა „ფორტუნას“ ელისო რუხაძემ.
წყარო : Ambavi.club