საყოფაცხოვრებო სუბსიდია სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი პროგრამაა, რომელიც ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელია.
კონკრეტულად რას მოიცავს ფულადი დახმარების პროგრამა და ვისთვისაა განკუთვნილი, ამას “პრაიმტაიმის” სტატიიდან გაიგებთ.
რა არის საყოფაცხოვრებო სუბსიდია?
საყოფაცხოვრებო სუბსიდია სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო – კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი.
ვის ენიშნება საყოფაცხოვრებო სუბსიდია?
საყოფაცხოვრებო სუბსიდია ენიშნებათ პირებს იმ შემთხვევაში თუ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებად.
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს, ყოველთვიურად შემდეგი ოდენობით:
მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მიღებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს – 100 ლარის ოდენობით,
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – 100 ლარის ოდენობით,
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) – 100 ლარის ოდენობით,
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს – 100 ლარის ოდენობით,
სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 100 ლარის ოდენობით,
მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახების შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) – 100 ლარის ოდენობით,
სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას – 100 ლარის ოდენობით,
ვის უნდა მიმართოთ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად და რა დოკუმენტებია საჭირო?
პირმა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა განხორციელდება პირის მიერ განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის სააგენტოში შეტანის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.