ექსპერტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში, თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, შალვა ოგბაიძე ბორჯომში, ბოლო ზარზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება, რომელსაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
ის მშობლებს მიმართავს, ნუ უყიდიან მოზარდ შვილებს ავტომობილებს, გასართობად. ოგბაიძე 3 წლის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს, როდესაც ასევე ბოლო ზარზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
“მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია”… ეს 3 წლის წინ გამოქვეყნებული ინტერვიუა…
სამწუხაროდ, მაშინაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა მშობლის მიერ ნაყიდ ავტომობილს… დღესაც, სკოლის დამამთავრებელ ბოლო ზარზე ბორჯომში კიდევ ერთი სიცოცხლე წაიღო მშობლების მიერ შეძენილმა ავტომობილმა.
მშობლებო, გემუდარებით, ნუ ჩაუგდებთ მოზარდს ავტომობილს გასართობად, გთხოვთ და მოვითხოვ თქვენგან მეტ ყურადღებას” – წერს ოგბაიძე. სრულად… > https://www.facebook.com/shalva.ogbaidze/posts/5185985514854690 <
ცნობისთვის, ბორჯომში ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა. ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. ავტომობილში 4 ახლად სკოლადამთავრებული მოზარდი იჯდა.
მათგან ერთი შემთხვევის ადგილზე მისულ სასწარფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. სამი კი დაშავდა და მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალში” არიან გადაყვანილი. მათაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია. დაღუპული 17 წლის მოზარდი ბორჯომის მე-3 სკოლის მოსწავლე ლუკა ლეკიაშვილია.