ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაბა ურეკში უკრაინელი მოქალაქეები მოინახულეს

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაბა ურეკში უკრაინელი მოქალაქეები მოინახულეს

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, დაბა ურეკში უკრაინელი მოქალაქეები მოინახულეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ სხვადასხვა პროდუქტი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მედიკამენტები გადასცეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„დაბა ურეკში ის უკრაინული ოჯახები მოვინახულეთ, რომელთაც, ომის გამო, საკუთარი ქვეყნის დატოვება მოუწიათ. კიდევ ერთხელ, გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ამ რთულ ვითარებაში, ჩვენ მეგობრების გვერდით ვდგავართ!“, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც სოლიდარობა გამოხატეს.

„უკრაინის მოქალაქეებს, გადავეცით სხვადასხვა საკვები პროდუქტი და ნივთები, რომელიც მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეაგროვეს. მინდა, თითოეულ მოქალაქეს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მეგობარი უკრაინელი ხალხის დახმარებისათვის,“- განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია აცხადებს, რომ სოლიდარობის ეს მაგალითი დასაფასებელია.

„მსურს სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, მართლაც აჩვენეს სოლიდარობის კარგი მაგალითი. დასაფასებელია როცა სოფლები, ქალაქი, მუნიციპალიტეტი ერთიანდება და გამოხატავს თანადგომას ჩვენი მეგობარი ერის მიმართ,“ – აღნიშნა დავით დარჩიამ.

ამ ეტაპზე, ურეკის ორ სასტუმროში 21 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც საქართველოში თებერვლის ბოლოს ჩამოვიდნენ და მათი უმრავლესობა ქალაქ ხარკოვის მკვიდრია. საქართველო კვლავ განაგრძობს როგორც ომში მყოფი, ასევე, საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. უკრაინაში უკვე გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარების მეორე ეტაპის ფარგლებში შეგროვებული ტვირთი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.