4 მაისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მეგი ბაქრაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის პროცესი გაიმართა. როგორც ცნობილია, მას გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.
გუშინდელ პროცესზე ინასარიძემ განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ ცრუ ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციის დავალებით გაავრცელა. პროცესის დეტალებსა და ინასარიძის ჩვენებას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
“მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ შოკში ვიყავი. როცა მზია კაკოშვილს [კლინიკური მენეჯერი] ვეკითხებოდი, რა უნდა მეთქვა, მეუბნებოდა, რომ რაც პროტოკოლში ეწერა ის თქვიო. იმ ინტერვიუშიც ეგ ვთქვი. როცა აზრზე მოვედი, მერე მივხვდი, რომ სიმართლე უნდა მეთქვა, იმიტომ, რომ ყველაფერი, დავიბრალე მე, რაც არ გამიკეთებია. სრულ ჭკუაზე რომ ვყოფილიყავი, ასეთ სისულელეს ვიტყოდი ინტერვიუში იმ დღეს?
დირექტორებმა გამომიძახეს და ის მათქმევინეს, რაც უნდოდათ რომ მეთქვა და ჩემს თავზე ამეღო ყველაფერი. მერე რომ მივხვდი რა ხდება და გამომძიებელმა თვითონ მაჩვენა, რომ ნახევარ საათზე მეტი ვიყავი (საამცრელო ოთახში). აცრაც უფრო ადრე იყო გაკეთებული, ვიდრე ოფიციალურად დააფიქსირეს (შესაბამის დოკუმენტში)“,- განაცხადა მან.
“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ინასარიძემ ასევე განმარტა, რომ სამედიცინო ისტორიაში (ფორმა 100), მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინის გაკეთების შესახებ ჩანაწერი მას არ შეუტანია.
“ისტორია შეადგინა კლინიკურმა მენეჯერმა, ვინც იყო რეანიმატოლოგი, მან. მეც იქ ვიყავი და მომაწერინეს ხელი. ნუ გეშინია, მოაწერე, ჩვენ ყველა ვაწერთო და მეც მოვაწერე. ფორმა 100-საც მოვაწერე ხელი. ყველაფერი ავიღე ჩემს თავზე. 24 მარტს მე თავად მივმართე გამომძიებელს, რომ ხელახალი დაკითხვა მომხდარიყო ჩემი” – ამბობს ის.