”ანალიზზე მარტო მივედი, კომპიუტერი შემომიტრიალა ექიმმა და იქ ეწერა… ცრემლები ჩამომივიდა…” – თათია სულუაშვილი

”ანალიზზე მარტო მივედი, კომპიუტერი შემომიტრიალა ექიმმა და იქ ეწერა… ცრემლები ჩამომივიდა…” – თათია სულუაშვილი

ლელა წურწუმიასთან თათია სულუაშვილმა ცხოვრების მძიმე პრობლემაზე ისაუბრა. მისი უმცროსი ვაჟის დათას აუტიზმის დიაგნოზთან გამკლავებას წლები დასჭირდა, თუმცა მან ეს შეძლო… თათია ასევე ამბობს, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია და სწორი დამოკიდებულება ქცევის ამ ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით.

თათია სულუაშვილი:

„გამიგია ეს ფრაზა, როცა იუმორისტი ხარ, რომ უდარდელი ცხოვრება გაქვს, მაგრამ იყო დრო, როცა ძალიან დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს. დათა ახლა არის ექვსი წლის. როდესაც იყო წლისა და ხუთი თვის, დაეწყო უძლობა. დილის 5 საათამდე გვეძინა ხოლმე ერთად ქუჩაში, პედლმოხვეულს, გულზე მყავდა მიკრული. იმ პერიოდში ჩემი ქმარი ამერიკაში იყო წასული, მე დედასთან გადავედი, რადგან მარტო არ მინდოდა ცხოვრება. მეზობლები ჩამოვიდნენ, თათია, რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვსო… იფიქრეს, ქმართან ხომ არ მომივიდა კონფლიქრი. ეს ხდებოდა ძალიან ხშირად. ნევროპათოლოგმა სახლში გამომიშვა, ხასიათის ბავშვია, არაფერიაო. დათას წლინახევრის ასაკში დაეწყო რეგრესი, რაც იცოდა, ყველაფერი დაავიწყდა. არ ჰქონდა რეაქცია ჩემზე, ფუნქციურ სათამაშოებზე… დათა აიღებდა მანქანას და ბორბალს ატრიალებდა. მისი გასართობი იყო უფუნქციო ნივთები. პირველად ეს შეამჩნია დედამ და მითხრა, მაგრამ არ მინდოდა ამ პრობლემისთვის თვალის გასწორება. პატარა იყო და მეგონა, უძილობა გაუვლიდა. დედის რჩევით და მეც უკვე ეჭვებქვეშ ვიყავი, მივიყვანე ფსიქიატრთან. ერთი თვის შემდეგ ანალიზზე მარტო მივედი, არ მეგონა, რომ ამდენად რთულად იყო საქმე. კომპიუტერი შემომიტრიალა ექიმმა და იქ ეწერა: „აუტისტური სპექტრი“ გავიყინე. ცრემლები ჩამომივიდა და ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. არ ვიყავი ინფორმირებული ამის შესახებ. პირველად ვიგრძენი შიშიც არა, საკუთარ შვილთან ასეთი განცდა მქონდა, როგორ დავეხმარო? ბოლო წერტილი არ ვიცოდი, როდის დაისმებოდა… ექიმმა დამამშვიდა, რომ სჭირდებოდა თერაპიები. იმ წუთას ვიტირე, გამოვედი და მეორე დღიდან დაიწყო ჩემი აქტიური ჩართულობა. დათასთვის უნდა მიმეხედა. ჩემი სასმახურიდან გამომდინარე რთული იყო, მაყურებლის გაცინებაზე უნდა მეზრუნა, სულაც არ მეცინებოდა, რადგან სამსახურიდან სახლში მოსულს პრობლემა მელოდებოდა, მაგრამ… მეგობრებმა მიცოდნენ და ძალიან მეხმარებოდნენ. ყოფილა შემთხვევა, როცა დათას ჩემს გულზე ჩასძინებია. მრცხვენია, მაგრამ ჩემს უფროს ქალიშვილს ყურადღება მოვაკელი. მაშინაც ვჭირდებოდი და ახლაც ვჭირდები. დათას უფრო მეტად ვჭირდებოდი.

დათასთან ერთად ძალიან რთული გზა გავიარე… დილას ევსწრებოდი დათას თერაპიებს, რადგან ჩემი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მერე მოვდიოდი სამსახურში… ძიძა მყავდა, მაგრამ უფრო მეტად ჩემთან იყო…

დათა ყველგან დამყავდა. დაბადების დღეებზეც, მაგრამ იქ კუთხეში იდგა ხოლმე, რადგან ანიმატორებმა რა იცოდნენ, როგორ ჩაერთოთ ის თამაშები. ამის გამო მე დავიწყე დაბადების დღის ცენტრში მუშაობა დავიწყე იმისთვის, რომ დათაც მეტარებინა და იქ ჩართულიყო ყველაფერში.

ერთხელ ჩემი ძიძა და დათა, თერაპიიდან რომ ბრუნდებოდნენ, მგზავრების თხოვნით, სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვეს, რადგან დათა ცელქობდა…

ჩემი პროფესია გავითავისე, ხან ვთამაშობდი კომედიაში, ხან დრამაში. დათამ მთლიანად შემისრუტა… მაგრამ ამ დიდი ბრძოლის შემდეგ დათა ძალიან კარგად არის. დღეს დათა არის არაჩვეულებრივი ბიჭი. ვფიქრობდი, რომ სუსტი ვიყავი, მაგრამ არ ვიცი, რა პრობლემა უნდა დამიდგეს წინ, რომ ვერ გადავლახო. ძალიან გამაძლიერა დათამ. დღეს ძალიან ძლიერი ქალი ვარ, ყველაფერს ვერგებოდი, სამსახურსაც, სახლსაც, დათასაც… დათას დიაგნოზის მოხსნა-არმოხსნაზე ვართ, არაჩვეულებრივად მღერის, ხატავს და მაღალი ინტელექტი აქვს“.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.