“ახლა მოხდა ყველაფერი ერთად, კოშმარს კოშმარი მიჰყვა…” – დათუნა მგელაძე

“ახლა მოხდა ყველაფერი ერთად, კოშმარს კოშმარი მიჰყვა…” – დათუნა მგელაძე

მომღერალი დათუნა მგელაძე რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა. მისი მეუღლე ჟურნალისტი ნინო ფუტკარაძეა. მომღერალთან ბოლო დროის სირთულეებსა და რთულ პერიოდში შექმნილ ოჯახზე ვისაუბრეთ. 

როგორც დათუნა ამბობს, ყველაზე რთული და უინტერესო ორი წელი იყო.

„სრული უსუსურობის განცდა გვქონდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დილა რომ გარდაცვლილი და დაავადებული ადამიანების რაოდენობის გაცნობით იწყება, საერთოდ აღარ გემღერება. ყველაფრის მიუხედავად, ბევრი სფერო მუშაობდა და ამიტომ ვფიქრობ, რომ პანდემიის დროს ყველაზე მეტად ხელოვანი ხალხი დავიჩაგრეთ, ძალიან დიდი დარტყმა მივიღეთ. დღეს უკვე აღარ იწყება დილა კოშმარულად და იმედი მაქვს, ეს ზაფხული შემოქმედებითად დატვირთული იქნება. რეგიონებსა და დიდ ქალაქებში კონცერტებიც დაიწყო, “- ამბობს დათუნა.

„პრაიმთაიმი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– ბიზნესის საქმე როგორ წავიდა?

– ყველაფერს შეეხო პანდემია, გამონაკლისი არც ჩვენ ვყოფილვართ. დავიკეტეთ, გავიხსენით, დავიკეტეთ, გავიხსენით და ამ რეჟიმით ვმუშაობდით. მომხმარებელსაც ეშინოდა, თუმცა მაქსიმალურად ყველა რეგულაცია უმაღლეს დონეზე გვქონდა დაცული. ჩვენმა სალონმა გაართვა თავი ამ რთულ მდგომარეობას და არსებობა გააგრძელა. ახლა რომ ვუფიქრდები, მგონია, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და რეალურად არ ხდებოდა. ვინ წარმოიდგენდა ამას ოცდამეერთე საუკუნეში?! უცებ ყველა საოცრად უსუსურები გავხდით, შიშის ქვეშ მოვექეცით, როცა გვეგონა, რომ საოცარი განვითარებისა და მიღწევების ხანაში ვცხოვრობდით. ახლა პანდემია გავაცილეთ და ომი დაიწყო. უკრაინაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. პროექტის ფარგლებში, იქ სამი თვე ვცხოვრობდი და უკრაინაში შეძენილ მეგობებთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. კოშმარია, რაც ახლა ხდება.

– რამდენად ძლიერი ხარ კრიზისებისა და გასაჭირის დროს?

– ადამიანების ერთმა კატეგორიამ და საბედნიეროდ, ყველამ არა, რეალური და სამწუხარო სახე გამოაჩინა. კიდევ კარგი, ისინი ცოტანი არიან, ვერ გაუძლეს ზეწოლას და ალბათ, ამიტომაც. საბედნიეროდ, ჩემს თავში მსგავსი არაფერი დამინახავს. პირიქით, მეგობრების წრეში ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად კარგის შეძახილით გამეგრძელებინა ცხოვრება. არ დავასრულე ცხოვრება ამ პერიოდში, პირიქით, ვფიქრობდი, რა იქნებოდა გამოსავალი. არ დავნებდი და ყველაფერს ღირსეულად გავუმკლავდი. საერთოდ, ყველანაირ რთულ მდგომარეობაში გამოსავალზე ვარ ორიენტირებული. ჩემი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. ძალიან რთული პერიოდები მქონია. ისეთები გამოვიარე, რისი დაძლევაც ბევრს ნამდვილად გაუჭირდებოდა. ძალიან რთული პერიოდებისთვის გამიძლია და მგონია, რომ არც არასდროს უნდა დანებდე. ეს კარგი ჩვევაა, თუ შეიძლება, ასე დავარქვათ. ცუდს აუცილებლად კარგი მოჰყვება. მაინცდამაინც ახლა მოხდა ყველაფერი ერთად, კოშმარს კოშმარი მიჰყვა, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი ძალიან კარგი იქნება.

წყარო: თბილისელები

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *