ზაალ უდუმაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და მედიას უბრუნდება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
“მე ვთვლი, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მედიაზე. ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომლებიც ვითარდება მედიაში. ამიტომ მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს.
ვიცი წინასწარ, რა იქნება მთავარი შეკითხვა, თუ სად მივდივარ, მაგრამ სწორად გამიგეთ, ამ ეტაპზე მე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ვიცავ გარკვეულ წესებს, თუმცა ძალიან მალე ყველაფერი გახდება ცნობილი და გპირდებით, რომ ძალიან მალე ერთმანეთს შევხვდებით ეთერში”, – თქვა მან.